ახალი ამბები
ქალაქ გორის მიუსაფარ ძაღლთა სამყაროს სამი ლეკვი შეემატა
გორის ციხის უბანში სამი ლეკვი იზრდება. ტურისტებისა და გამვლელების ყურადღებას მცირე ზომის ძაღლი იქცევს, რომელიც ბეტონის კონსტრუქციებს თვეზე მეტია არ ცილდება.

ამ ბეტონის ქვეშ მისი ლეკვები ცხოვრობენ. ძუ ძაღლს ტურისტები და იქვე მცხოვრები მეზობლები კვებავენ. სულ მალე ეს ლეკვები ქალაქის მიუსაფარ და, თანაც, მრავალრიცხოვან ძაღლთა სამყაროს შეუერთდება.

წელს, მიუსაფარ ცხოველთა მდგომარეობის შესახებ, ქალაქის მერიას ოფიციალური დასკვნა ჯერ არ გამოუქვეყნებია. ააიპ ,,სტრატეგიული განვითარების ცენტრის" წარმომადგენლები პრობლემის მოგვარების კუთხით, სპეციალურ ანგარიშს ორი თვეა ამუშავებენ.

ადამიანებსა და ძაღლებს შორის ,,კონფლიქტი" ქალაქის ქუჩებში ყოველდღიურობად იქცა. კვლავაც, გამოუძიებელია ძაღლების სასტიკი მეთოდით მკვლელობის და წამების ფაქტები.

2016 წლის 18 ნოემბერს ააიპ ,,გორის მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის" ადმინისტრაციამ სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ამ სტატისტიკის მიხედვით, ქალაქ გორში 668 ძაღლი დაიჭირეს.

სტატისტიკა ასე გამოიყურება:

დაჭერილია - 668 ძაღლი; სტერილიზაცია გაუკეთდა - 177 ძაღლს; კასტრაცია - 185 ძაღლს; ცოფზე ვაქცინაცია - 590 ძაღლს
გაჩუქებულია - 97 ძაღლი; ქალაქში უკან გაშვებულია - 358 ძაღლი; დაღუპულია 195 ძაღლი, მათ შორის, ლეკვებიც.

იმ პერიოდში, თავშესაფარში 117 ძაღლი და 31 ლეკვი იმყოფებოდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები