ახალი ამბები
ქარელის რაიონში 8 კმ სიგრძის გზას პარლამენტარისა და მისი მეუღლის კომპანიები აკეთებს
გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძისა და მისი მეუღლის კომპანიები ქარელის რაიონში 8 კმ სიგრძის მანძილზე ახალ ასფალტს აგებენ.

კომპანია ,,იბოლია" მოხისი-კოდა-ვარდისუბნის მონაკვეთზე, ხოლო კომპანია ,,შარა" ზემო ხვედურეთიდან ტყემალამდე არსებულ სასოფლო გზაზე მუშაობს.

გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტები, რეგიონული პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია ,,შარას" აქტივების 30% პარლამენტარის მეუღლეს ეკუთვნის. ამ კომპანიას 3 კმ-იანი გზა აბარია. კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის (ზ/ხვედურეთი, ჭანდრები, ხეობა, თრეხვი, მეხეთი, ტყემალა-აქედან სამი სოფელი მთის სტატუსით სარგებლობს) გზა, სადაც 2 200 ადამიანი ცხოვრობს.

კომპანია ,,შარა" ამ მიმართულებით 977 700 ლარს ითვისებს.

რაც შეეხება მოხისი-კოდა-ვარდისუბნის 5 კმ-იან გზას, ის ემსახურება მუნიციპალიტეტის 3 სოფლის 2100 მოსახლეს, მათ შორის, სოფელ მოხისში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას. იოსებ მაკრახიძის დაფუძნებული კომპანია ,,იბოლია" 1 318 000 ლარს ხარჯავს.

,,იბოლიას" დამფუძნებელია იოსებ მაკრახიძე და იგი 100%-იანი წილის მფლობელია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები