ახალი ამბები
გორში ქალებისთვის კარიერული წინსვლის საკითხებზე სემინარი გაიმართება
ხვალ, გორის მერიის სააქტო დარბაზში, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის თაობაზე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება.

შეხვედრას მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსის“ პროექტების კოორდინატორი ანა ჯებისაშვილი გაუძღვება.

კანონი, რომელიც 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება,  კარიერულ წინსვლასა და დამსახურებაზე დაფუძნებულ, პროფესიულ საჯარო სამსახურის შექმნას გულისხმობს.

,,შეხვედრის მონაწილეები მოისმენენ ინფორმაციას საჯარო სამსახურის არსის, ცნებებისა და პრინციპების შესახებ, გაეცნობიან იმ ძირითად ცვლილებებს, რომელიც კანონის ამოქმედებიდან შევიდა ძალაში. შეხვედრა დაეთმობა სხვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საჯარო სამსახურში მიღება; კარიერის მართვა; მოხელის უფლებები და მოვალეობები; მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება." - აცხადებენ ორგანიზაციაში.

შეხვედრის შესაჯამებლად გაიმართება დისკუსია. დასწრება ნებისმიერი მსურველი ქალისთვის თავისუფალია.

საინფორმაციო შეხვედრა ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ფინანსური დახმარებით არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” პროექტის “საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიერ” ფარგლებში.

პროექტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, მიმდინარეობს და  თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ორგანიზაციული განვითარების პროექტის ფარგლებში.

რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები  სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრების მიერ იმართება.

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი“ რეგიონებში მომუშავე 64 ორგანიზაციას აერთიანებს. ქსელის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა.”
Print

სტატიის გამოყენების პირობები