ახალი ამბები
სტალინის პორტრეტი საჯარო სკოლის მშენებლობაზე (VIDEO)
რომან მელაძე სკოლის მშენებარე ობიექტის დარაჯია. საყარაულო ჯიხურთან თითქმის ყოველდღე უწევს ყოფნა.

რადიო აქვს ჩართული და, პარალელურად, უსაფრთხოების მიზნით, ობიექტის შიდა ტერიტორიაზე არავის უშვებს.

სახლიდან სტალინის პორტრეტი მიიტანა და თვალსაჩინო ადგილას დაკიდა. საბჭოთა ბელადის პორტრეტი ტილოზეა ნახატი.

,,ამ კაცმა დაიმსახურა და იმიტომ დავკიდე საჯაროდ" - აცხადებს რომან მელაძე. მისი თქმით, საბჭოთა ბელადის მმართველობის დროს დისციპლინა იყო, ხალხს კი, მილიონერები არ ,,ატყავებდნენ".

მშენებარე ობიექტი კასპის პირველი საჯარო სკოლაა. ძველი შენობა დაანგრიეს, რომლის ნაცვლად ახალი, კაპიტალური კორპუსები შენდება. მესამე სართულზე სპორტული დარბაზები იქნება.

,,ძალიან მაგარი რამე შენდება. ჯერ მხოლოდ ორი სართულია აშენებული. ადრე აქ თავადი მაჩაბლების სახლი იყო და ჩამოართვეს. მერე კომუნისტებმა შენობას მიამატეს რაღაცეები და სკოლა დაარსეს" - იხსენებს რომან მელაძე.

მაჩაბლებს სახლი, სწორედ, სტალინის საბჭოთა მმართველობის პერიოდში ჩამოართვეს.

ამავე ქალაქში, კიდევ, ერთი სკოლაა, სადაც ასევე საბჭოთა ბელადის პორტრეტია გამოკრული, თუმცა, სხვა რაკურსით. კასპის სკოლა-გიმნაზიაში ოკუპაციის მუზეუმია გახსნილი.

ამ მუზეუმში ლექციები იმართება ახალგაზრდებისთვის, სადაც საბჭოთა დიქტატურის წლების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული. კასპელები რეპრესიების პერიოდის შესახებ საარქივო მასალებს ეცნობიან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები