ახალი ამბები
ერგნეთში მურად ჯიოევი სადემარკაციო ხაზების გაკეთების განახლებას ითხოვს
ერგნეთში დღეს მიმდინარე შეხვედრას ცხინვალის მთავრობის მხრიდან მურად ჯიოევი პირველად ესწრება.

ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს საქართველოში, ამავე, დროს შვეიცარიის ელჩს პირად საუბარში უხსნიდა, რომ აუცილებელია გამყოფი ხაზების განახლება და ამ ხაზებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის მიახლოების აკრძალვა.

ამის ამსახველი ვიდეო ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-მა გადაიღო.

„ნუ აწარმოებენ აქ სამეურნეო საქმიანობას. მესმის, ჩვენს შემთხვევაში 200 და 100 მეტრიც კი გადამწყვეტია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. რთულია, მაგრამ რატომ არ უნდა შევეცადოთ, ავუხსნათ ადგილობრივებს, რომ არ მიუახლოვდნენ და არ გადაკვეთონ ხაზი. ხოლო იმისთვის, რომ არ გადაკვეთონ, საჭიროა დაფიქსირდეს ეს ხაზები. ამ კუთხით დიდი პასუხისმგებლობა სწორედ ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ჯგუფს აკისრია, ჟენევაში ამას ვერ მივაღწევთ,“ - განაცხადა ჯიოევმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ამ წინადადებას საქართველოს ხელისუფლება არ დაეთანხმება, რადგან ოფიციალური თბილისი არ აღიარებს არავითარ ხაზებს რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

,,ამერიკის ხმის" ჟურნალისტის ნინო დალაქიშვილის ფოტო
Print

სტატიის გამოყენების პირობები