ახალი ამბები
ერგნეთში ცხინვალის მთავრობის წარმომადგენელმა სტუდენტების აქცია გააპროტესტა
ერგნეთში დღეს გამართულ შეხვედრაზე ცხინვალის მთავრობის წარმომადგენელმა სტუდენტთა ის აქცია გააპროტესტა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, სოფელ ბერშუეთთან ჩატარდა.

ამის შესახებ მურად ჯიოევამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეებს დაზიანებული მწვანე ბანერის ფოტოებიც წარუდგინა და ითხოვა ქართული მხარისგან, რომ მომავალში მსგავსი ინციდენტების პრევენცია მოეხდინა.

,,მიმდინარე კვირა დაძაბული იყო. ქართველმა სტუდენტებმა სასაზღვრო ზონაში აქცია გამართეს. ამავე დროს, ვნახეთ, რომ ბანერი გადატეხილი იყო და ამის დამადასტურებელი მასალები გადავეცით შეხვედრის მონაწილეებს. ქართულ მხარეს ვთხოვეთ, რომ მომავალში მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორდეს და თავიდან იქნეს აცილებული დაძაბულობა სასაზღვრო ზოლში" - აცხადებ მურად ჯიოევი.

ერგნეთში დღეს სულ 10 საკითხი განიხილეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან დამატებითი, ახალი ბანერების მონტაჟის ფაქტები გააპროტესტა. კახაბერ ქემოკლიძის თქმით, უკანონო მავთულხლართები მოსახლეობას მოსავლის აღების საშუალებას არ აძლევს.

ამ საკითხზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ. მურად ჯიოევი ამტკიცებს, რომ ბერშუეთთან საქართველოს მოქალაქეებმა იმ ადგილზე ჰქონდათ დათესილი ხორბალი, რომელიც სამხრეთ ოსეთს ეკუთვნის.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ქარელის რაიონის სოფლებთან: ცერონისი, კნოლევი და იონჩა აქამდე არარსებული გამყოფი ხაზი გაჩნდა. ცხინვალის მთავრობის წარმომადგენლებმა ამ სოფლებთან ხნული გაავლეს. ჯიოევის თქმით, ხნული მიმდინარე წლის ზაფხულის განმავლობაში ხანძრის გავრცელების შანსს მინიმუმამდე შეამცირებს.

დღის ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს წევრები ქარელის რაიონისკენ გაემართნენ. ისინი ადგილზე გაეცნობიან სიტუაციას. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელჩები მიიღო, რომელთან საუბრისას რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგნელების ბოლო პერიოდის ქმედებები გააპროტესტა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები