ახალი ამბები
გორის მერიისა და გამგეობის თანამშრომლები საჯარო სამსახურის შესახებ ახალ კანონს გაეცნენ
ორი საათის განმავლობაში გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრას ორგანიზაცია ,,ქართლოსის“ წარმომადგენლები ანა ჯებისაშვილი და ლანა ფერაძე უძღვებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს და ახალი კანონის პრეზენტაციის შემდეგ კითხვებიც დასვეს. მათი ინტერესი ძირითადად საჯარო სამსახურში მიღებას, მოხელის უფლება-მოვალეობებს და მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს ეხებოდა. განსაკუთრებული ყურადღება კი ა(ა)იპებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესსა და არჩევნების შემდეგ მისი გაგრძელების აუცილებლობაზე გამახვილდა.

დარბაზში ისეთი ადამიანებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც უკვე იციან, რომ არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად, სამსახურის გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრებათ. ზოგიერთმა იმედგადაწურულმა საჯარო მოხელემ შეხვედრა დასრულებამდე დატოვა.

კანონი საჯარო სამსახურის შესახებ 2015 წლის 27 ოქტომბერს მიიღეს და ის მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ძალაში შევიდა. ახალი კანონის მიხედვით, 2017 წლის 17 დეკემბრამდე ე.წ. გარდამავალ პერიოდში ყველა შერწყმა-გაერთიანების პროცესი უნდა დასრულდეს.

ახალი კანონი, ამავე დროს, კარიერულ წინსვლასა და დამსახურებაზე დაფუძნებულ, პროფესიულ საჯარო სამსახურის შექმნას გულისხმობს.

,,შეხვედრის მონაწილეები მოისმინეს ინფორმაცია საჯარო სამსახურის არსის, ცნებებისა და პრინციპების შესახებ, გაეცნენ იმ ძირითად ცვლილებებს, რომელიც კანონის ამოქმედებიდან შევიდა ძალაში. შეხვედრა დაეთმო სხვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საჯარო სამსახურში მიღება; კარიერის მართვა; მოხელის უფლებები და მოვალეობები; მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება." - აცხადს ანა ჯებისაშვილი.

საინფორმაციო შეხვედრა ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ფინანსური დახმარებით არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” პროექტის “საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიერ” ფარგლებში.

პროექტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, მიმდინარეობს და თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ორგანიზაციული განვითარების პროექტის ფარგლებში.

რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრების მიერ იმართება.

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი“ რეგიონებში მომუშავე 64 ორგანიზაციას აერთიანებს. ქსელის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა.”

Print

სტატიის გამოყენების პირობები