ახალი ამბები
აგვისტოს ომის მუზეუმისთვის ნივთების შეგროვება დაიწყო
დაზიანებული ავეჯისა და ჭურჭლის ნაწილები, ასევე, დამწვარი ავტომანქანა, სისხლიანი სამოსი, ოკუპირებული სოფლებიდან წამოღებული და გადარჩენილი ნივთები, ნახევრადდაფერფლილი წიგნები და ა.შ. მასალები ერგნეთში აგვისტოს ომის მუზეუმში გამოიფინება.

ნივთების შეგროვება უკვე დაიწყო და გრძელდება. მუზეუმმის გახსნის იდეის ავტორი ლია ჩლაჩიძე ამბობს, რომ გამოხმაურებები სხვადასხვა სეგმენტიდან მატულობს.

,,მას შემდეგ, რაც მუზეუმის გახსნის იდეა გავაჟღერე, ჩემ ტელეფონზე ზარები არ წყდება. მიკავშირდებიან ის ადამიანები, რომლებსაც 2008 წლის აგვისტოს ომთან უშუალო შეხება ჰქონდათ. მათ შორის, არიან ჩემი თანასოფლელები, რომლებიც ომგამოვლილ ნივთებს დღემდე სახლში ინახავენ, ერთ-ერთი მათგანი შემპირდა, რომ ომის დროს დამწვარ საკერავ მანქანას მოიტანს მუზეუმში განსათავსებლად. მირეკავენ ასევე გარდაცვლილი ჯარისკაცების ახლობლები, რომლებიც სისხლიან ტანსაცმელს, დახვრეტილ ჩაფხუტს და მსგავს ნაომარ ნივთებს შემპირდნენ. როგორც მოგეხსენებათ, გვსურს, რომ ომის მუზეუმი 8 აგვისტოს გავხსნათ, სწორედ ამ დროისთვის ვაპირებთ რომ შეგროვებული ნივთები გადავანაწილოთ მუზეუმად გადაკეთებულ სარდაფში და დამთვალიერებელს ომის სისასტიკე და მშვიდობის ფასი შევახსენოთ“ - ამბობს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ლია ჩლაჩიძე.

ომგამოვლილ ნივთებთან ერთად სამუზეუმო სივრცეში აგვისტოს ომის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალებიც განთავსდება. ნივთების შეგროვების შემდეგ კი ერგნეთში, ივლისის მეორე ნახევარში უკვე მასშტაბური აქცია იგეგმება, რა დროსაც მოხალისეები მუზეუმისთვის დათმობილ სივრცეს ომისდროინდელი მასალებით შეავსებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები