ახალი ამბები
ერგნეთში ქართველმა და უცხოელმა მოხალისეებმა სამუზეუმო სარდაფი დაასუფთავეს
ქართველი და უცხოელი მოხალისეები ერგნეთში ჩავიდნენ და ადგილობრივი მკვიდრის, ლია ჩლაჩიძის საცხოვრებელი სახლის სარდაფი დაასუფთავეს. სივრცე, რომელსაც აგვისტოს ომის მუზეუმისთვის გამოიყენებენ, ახალგაზრდებმა ნაშალი მიწისგან გაწმინდეს.

დასუფთავების აქცია 4 საათი გაგრძელდა. 12 ახალგაზრდას შორის, ევროპიდან და ამერიკიდან, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, გორში ჩამოსული მოხალისეებიც იყვნენ. ახალგაზრდებმა სარდაფის მხოლოდ ზედაპირული გასუფთავება მოახერხეს.

,,როდესაც გავიგეთ, რომ ერგნეთში ომის მუზეუმის გახსნა იგეგმებოდა, გადავწყვიტეთ შიდა ქართლის მოხალისეები შევკრებილიყავით და ჩვენ უცხოელ თანატოლებთან ერთად ამ ფართის გასუფთავებაში საკუთარი წვლილი შეგვეტანა. ჩვენ აქ კიდევ ჩამოვალთ და რაც შეგვეძლება მოხალისეობრივად ისევ შევასრულებთ.“- ამბობს მოხალისე მარიამ ისპირიანი.

მუზეუმის გახსნის იდეის ავტორი ექსპონატებს უკვე აგროვებს. ლია ჩლაჩიძე ამბობს, რომ ომის დროინდელი ნივთების განთავსებამდე სარდაფში დასუფთავების სამუშაოები კიდევაა საჭირო.

,,ახალგაზრდებს რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს, ვაკვირდებოდი და შეუსვენებლივ გულიანად მუშაობდნენ. გამოუყენებელი ნივთები და ქვიშები სარდაფიდან ხელიდან ხელში გადაწოდებით გამოჰქონდათ. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ მუზეუმის გახსნამდე იატაკზე არსებული ლამის გასასწორებლად კაცის ძალაა საჭირო და გოგონები ამას ვერ შეძლებენ. მოხალისეებს შორის კი იყო რამდენიმე ვაჟი, მაგრამ მხოლოდ ისინი ამ სამუშაოებს ვერ შეასრულებენ. ვფიქრობ უახლოეს დღეებში ამ პროცესში ახლობლებიც ჩავრთო და 8 აგვისტომდე შეგროვებული ექსპონატები უკვე მთლიანად გასუფთავებულ სივრცეში განვათავსოთ.“ - ამბობს ლია ჩლაჩიძე.

ვიდრე ახალგაზრდები ერგნეთს დატოვებდნენ, ლია ჩლაჩიძესთან ერთად, უფრო ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია დაგეგმეს, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ფოტოზე: მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსის" EVS გაცვლითი პროგრამის უცხოელი მოხალისეები და საქართველოს მოხალისეების მარიამ ისპირიანისა და ლიკა ტერუნაშვილის  კლუბის წევრები.
















Print

სტატიის გამოყენების პირობები