ახალი ამბები
სასირეთის გზაზე მოტოციკლი ჯერ კაცს და შემდეგ ბეტონის ნანგრევებს დაეჯახა
დაშავებული მძღოლი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის მკურნალობას. სამხედრო მოსამსახურე, 41-წლის მამაკაცი, საავადმყოფოს ადმინისტრაციის ცნობით, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ის კასპის მედ-ალფას კლინიკიდან გორის ჰოსპიტალში გუშინ გადაიყვანეს. პაციენტი სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული. იგი სამხედრო მოსამსახურეა კონტრაქტით.

,,პაციენტს აღენიშნებოდა მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანება, ღვიძლი და დიაფრაგმა მთლიანად გახეული ჰქონდა, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია კასპის საავადმყოფოში ჩავუტარეთ. აპარატზე შეერთებული გორის ჰოსპიტალში გადავიყვანეთ" - განუცხადეს კასპის საავადმყოფოს ექიმებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს.

,,გუშინ 5 საათზე უგონო მდგომარეობაში მყოფი 1976 წელს დაბადებული მამაკაცი კასპის საავადმყოფოდან გადმოიყვანეს. აქვს მრავლობითი დაზიანებები და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება"- ამბობს შოთა ჩილინდრიშვილი, ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

ავტოსაგზაო შემთხვევა კვირას თელიანი-სასირეთის საავტომობილო გზაზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის თქმით, მოტოციკლი ჯერ გზაზე მიმავალ ქვეითს, შემდეგ კი, სარწყავი სისტემისთვის განკუთვნილ ბეტონის კონსტრუქციებს დაეჯახა.

სასირეთი-თელიანის წარმომადგენლის, ვაჟა ჭაღიაშვილის თქმით, ქვეითს ფეხი დაუზიანდა და კიდურის მოტეხილობის დიაგნოზით ისიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276-ს პირველი ნაწილით მიმდინარეობს. მოტოციკლის მძღოლი თელიანის მკვიდრია.

გამოყენებულია თემატური ფოტო

Print

სტატიის გამოყენების პირობები