ახალი ამბები
გორის გასასვლელთან დაყრილ ქვა-ღორღზე მანქანამ გადაიარა
გორი-ხიდისთავის დამაკავშირებელ მოასფალტებულ გზაზე თითქმის ერთი თვეა ხრეში ყრია.

ქვებისა და ქვიშის გროვაზე მანქანამ გადაიარა, რომლის ნაკვალევი ამჟამადაც ეტყობა. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე ავტოსაგზაო შეფერხების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

,,კონკრეტული ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს არავის მოუმართავს" - გვითხრეს სამინისტროს პრეს-სამსახურში.

ქალაქ გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კობა კლიმიაშვილი ამბობს, რომ ავტსატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საპატრულო პოლიციას ევალება.

,,როგორც ვიცი, გზებზე შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნების დაყენების თაობაზე, საპატრულო პოლიცია მშენებელ კომპანიებს ყოველთვის აფრთხილებს. ამ კონკრეტული შემთხვევით ჩვენც დავინტერესდებით. ზოგადად, მერიის ზედამხედველობის სამსახურს შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებზე ევალება კონტროლი" - აცხადებს კობა კლიმიაშვილი.

მისი თქმით, შპალსაჟღენთ ქარხანასთან მილების მონტაჟი უშუალოდ ასფალტიანი გზის მონაკვეთზე გახდა საჭირო:

,,ტრაქტორს ასფალტიანი გზის ჩაჭრა დაჭირდა რამდენიმე ადგილას, რადგან არ მომხდარიყო შავი ზღვის ბოჭკოვანი ინტერნეტ კაბელის დაზიანება, რომელიც მანდ გადის" - ამბობს კობა კლიმიაშვილი.

,,სოკარ ჯორჯიას" მიერ დაქირავებული კომპანიის წარმომადგენლებს სოფელ ატენისკენ ბუნებრივი აირის მილები გაჰყავთ. იმ ადგილებზე, სადაც მანქანების ინტენსიური მოძრაობაა, გამაფრთხილებელი ნიშნები არ დგას, რაც მძღოლებისთვის, განსაკუთრებით ღამის საათებში სახიფათოა. ყვითელი ლენტით თხრილები, მხოლოდ, მაშინ შემოსაზღვრეს, როდესაც სამუშაოები დაიწყო.

,,ეს ადგილი ძალიან სახიფათოა გორიდან გასვლის დროს. მთავრდება დასახლებული პუნქტი, უკვე აღარაა განათებული ქუჩა და ამ დროს მანქანა სიჩქარეს უმატეს. წვიმიან ამინდში კი, სველი ქვიშა შორიდან თითქმის არ ჩანს, ამიტომ, აუცილებელია ამრეკლი ნიშნების დაყენება" - ამბობს მძღოლი, რომელიც ბენზინგასამართ სადგურთან იყო შეჩერებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები