ახალი ამბები
200-ზე მეტი სული ფურის ან დეკეულის მფლობელ ფერმერებს სათიბ-საძოვრები იჯარით გადაეცემათ
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლების წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში გააჩნიათა არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული, იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და შესაბამისი აღჭურვილობა - ტრაქტორები, სათიბები, ასევე სხვა საჭირო ინვენტარი.

ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ახალი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციაზე, განაცხადეს.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ხუცაიძემ გააცნო.

ახალი პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. ,,ეს პროგრამა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად და სწორად გამოყენებას უზრუნველყოფს" - განაცხადა ხუცაიძემ.

სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული არეალი მაღალმთიანი სტატუსის მქონე 24 მუნიციპალიტეტს მოიცავს. ერთ მუნიციპალიტეტში დაკმაყოფილდება ერთი განაცხადი. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში რძის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათთვის კეთილდღეობის შექმნას შეუწყობს ხელს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები