ახალი ამბები
ეგვიპტის მოქალაქეს პლანშეტი ავტობანთან მდებარე ,,სმარტში" მოპარეს
ეგვიპტის მოქალაქეს პლანშეტი, ავტობანზე შეჩერების დროს, სუპერმარკეტ ,,სმარტში" მოპარეს. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, ორი პირი ზესტაფონში დააკავეს.

ეგვიპტის მოქალაქე ვარიანის შს განყოფილებაში დაკითხეს და სამი საათის შემდეგ პლანშეტიც დაუბრუნეს. მისი თქმით, მას ძალიან მოწონს საქართველო და ახლა უკვე ქართული პოლიცია. 

პრეს-სამსახურის ცნობით, ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გახსნეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ეგვიპტის მოქალაქეს, 1999 წელს დაბადებულ ბიშიო მაგდი კოლტა ჰილალის ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ სუპერმარკეტში, „ლენოვოს“ ფირმის პლანშეტი მოპარეს.  სამართალდამცველებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პლანშეტი ქალაქ ზესტაფონში ამოიღეს და 1995 წელს დაბადებული რ.ც. და 1996 წელს დაბადებული ს.ხ. ქურდობის ფაქტზე ამხილეს. ორივე მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს." - აცხადებს პრეს-სამსახური.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

Print

სტატიის გამოყენების პირობები