ახალი ამბები
ცხავერში ელექტროსადენების გაყვანის სამუშაოები დაიწყება

 

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

 

დღესვე, 19 აგვისტოს, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი სოფელ ცხავერში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ელექტროენერგიის შეყვანაა დაგეგმილი.



საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სოფელ ცხავერში ელექტროგადამცემი ხაზების სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ, რომელშიც შპს „ელექტრომონტაჟი 2012“-მა გაიმარჯვა. 

19 აგვისტოს ენერგეტიკის სამინისტროსა და შპს ელექტრომონტაჟი 2012“- ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად სამუშაოები 75 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს.



,,სოფელ ცხავერის მოსახლეობა 20 წელია სინათლის გარეშე ცხოვრობს. მთავრობამ წელს სპეციალური პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც ელექტროენერგიის გარეშე დატოვებული მაღალმთიან სოფლებში სინათლის შეყვანას ითვალისწინებს. ჩვენს მუნიციპალიტეტში, სოფელ გოსტიბეში უკვე მიიღეს სინათლე, ოქტომბრის ბოლოს კი ცხავერიც განათდება - აღნიშნა გოჩა გოჩიტაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.



სოფელში შპს „ელექტრომონტაჟი 2012“- ის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც სოფლის რელიეფს კიდევ ერთხელ სწავლობდნენ და ელექრტობოძების დასალაგებელ ადგილს არჩევდნენ. 

 

ცხავერთან დაკავშირებით შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ვიდეო-მასალა 2014 წლის 10 აგვისტოს მოამზადა, როდესაც სოფელ გოსტიბეში მიმავალ სამთავრობო დელეგაციას ადგილობრივებმა გზა გადაუკეტეს. 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები