ახალი ამბები
გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა ღირსების ორდენით დაჯილდოვდა
საქართველოს პრეზიდენტმა გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

ქართული საგუნდო მუსიკის განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი პოპულარიზაციისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

სახელმწიფო ჯილდო თეონა ცირამუას დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" გადასცა.

ჯილდოს გადაცემის ცერემონიას ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთი მელუაც ესწრებოდა, რომელსაც გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად დღეს Black Sea Arena-ზე კონცერტი აქვს დაგეგმილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის სურვილისა და მცდელობის მიუხედავად, აღნიშნულ საკონცერტო დარბაზში თეონა ცირამუსათვის ღირსების ორდენის გადაცემა ვერ მოხერხდა.
გიორგი აბაშიშვილმა დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ თეონა ცირამუა ჯილდოს გადაცემას მრავალათასიანი მაყურებლის წინაშე ნამდვილად იმსახურებდა.

"მინდა გუნდს და მის სამხატვრო ხელმძღვანელს წარმატება ვუსურვო. მე ვიცოდი, რომ ჯილდოს გადაცემა უნდა მომხდარიყო Black Sea Arena -ზე, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემთვის სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო, არ მომეცა საშუალება თეონა ცირამუა დამეჯილდოვებინა Black Sea Arena -ზე.

ვფიქრობ, რომ თეონა ცირამუა იმსახურებდა ამ ჯილდოს მიღებას მრავალათასიანი მაყურებლის წინაშე. დღეს წარმატებას ვუსურვებ ქეთი მელუას და გორის კაპელას ამ ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტის დროს. მადლობა ქეთი მელუას, რომ ის ასეთ პოპულარიზაციას უწევს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ბათუმში დაჯილდოების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები