ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებმა ქალებმა შეხვედრა გამართეს
დევნილი და ასევე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალები ერთმანეთს გორში შეხვდნენ და პრობლემების შესახებ ისაუბრეს.

ისინი იმ პროექტის მონაწილეები არიან, რომელსაც ასოციაცია ,,თანხმობა" გამყოფი ხაზის სოფლებში და დევნილთა დასახლებებში ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში შეხვედრა თვეში ერთხელ ეწყობა, სადაც ქალები საკუთარ დასახლებებში განვითარებული მოვლენებისა და მოსახლეობის საჭიროებებზე ინფორმაციებს უზიარებენ.

გორში გამართულ შეხვედრას კეხვიდან დევნილი ნაზი ბერუაშვილი უძღვებოდა. მასთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: კოშკა-გუგუტიაანთკარისა და ნიქოზის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მცხოვრები ქალები იმყოფებოდნენ.

ნაზი ბერუაშვილის თქმით, ადგილებზე, მოსახლეობა, ძირითადად მიგრაციას განიცდის, სწორედ, ამიტომ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სოფლებში ისეთი პროექტების განხორციელება დაიწყეს, რომელიც ადგილობრივებს თავიანთ სოფლებში დაასაქმებენ.

დღევანდელი შეხვედრის მონაწილე ქალებიც სწორედ მსგავსი პროექტის მოხალისეები არიან. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს პროექტს ,,ღირსეული სიბერე“, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარი მოხუცების მიმართ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის ქალები სხვადასხვა სახის ყურადღებას იჩენენ. დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უფროსი თაობა სწორედ ის კატეგორიაა, რომელთა მხრებზეც გადაირა კონფლიქტურმა სიტუაციებმა და ისინი განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებენ.

სხვადასხვა ყოფითი პრობლემების გარდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებთათვის მთავარი პრობლემა მავთულხლართებია. მათი თქმით, ერთის მხრივ გარეგნულად სიმშვიდეა, თუმცა მავთულხლართები გახდა, როგორც არასტაბილური მშვიდობის სიმბოლო.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები