ახალი ამბები
ადგილი სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება გაანეიტრალეს (PHOTO)
ლიახვის პირზე, კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლებმა მუშაობა ამ წუთებში დაასრულეს.

ისინი იმ ადგილებს დეტალურად იკვლევდნენ, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება ჯერ იპოვეს, შემდეგ - გაანეიტრალეს.

ფოტოები მდინარე ლიახვის მარცხენა სანაპიროზეა გადაღებული, წმინდაწყლის დასახლებაში. ტერიტორია უშუალოდ დასახლებულ პუნქტს ესაზღვრება, ყველაზე მეტად კი, შპს ,,21-ე საუკუნის" ბაზარს.

ბაზრის დარაჯის თქმით, მოძველებული ნივთიერება ბაზრის თანამშრომელმა იპოვა და პოლიციელს შეატყობინა.

შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ განმაღმველები გამოიძახა, რომლებმაც დაახლოებით 100 მ-ის მოშორებით თხრილში გაანეიტრალეს. აფეთქების ხმა იმდენად დიდი იყო, რომ ლიახვის მეორე მხარეს მდებარე კორპუსის მოსახლეობის ნაწილი შეაშინა.

პრეს-სამსახურის ცნობით, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერება სასწავლო დანიშნულების იყო. კონკრეტულად, რა ტიპის ნივთიერებასთან ჰქონდათ საქმე, ექსპერტიზის შემდეგ გახდება საჯაროდ ცნობილი.

ყველაზე ახლოს ტერიტორიასთან სამხედრო პოლიციის შენობაა. სხვა სამხედრო დანიშნულების ობიექტი მიმდებარე ტერიტორიაზე არაფერია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონოდ ტარებას გულისხმობს.











Print

სტატიის გამოყენების პირობები