ახალი ამბები
ყარაფილას სიახლოვეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სადამკვირვებლო აქციას ატარებენ
გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებთან, კერძოდ, ყარაფილას მონაკვეთთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა სადამკვირვებლო ღონისძიებების განხორციელება დაიწყეს.

ამ წუთებში ისინი იმ ადგილას იმყოფებიან, სადაც მწვანე ბანერი ავტობანიდან დაახლოებით 450-500 მ მანძილზე დგას.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ყველა მოქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან იქნება შეთანხებული.

აქციის მონაწილე თეა თაბაგარი ამბობს, რომ სამოქალაქო პატრულირების აზრი არის მარტივი.

,,საოკუპაციო ხაზზე ისე მიმდინარეობს ცვლილებები: ხნულების გაკეთება, ბანერების გადმოწევა, მავთულხლართის გაბმა, ხალხის გატაცება, სოფელის აწიოკება, რომ ამას EUMM-ც კი სრულფასოვნად არ აფიქსირებს. ჩვენ ვიწყებთ ამ შემთხვევების დაფიქსირებას და თქვენს ინფორმირებას დროულად. ასევე, ამ ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების შეწუხებას." - აცხადებს იგი.

ლაშა ბერულავა ამბობს, რომ ჯგუფის გადაადგილება და მარშრუტი შეთანხმებული იქნება საოკუპაციო ზოლთან მყოფ პოლიციის დანაყოფებთან.

,,ეს მისია არაა მართული, დაფინანსებული და რაიმე სხვაგვარად ასოცირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან და ორგანიზაციასთან, მეტიც: თუ იმას არ მივიღებთ მხედველობაში, რომ თავად ოკუპაციაა პოლიტიკური თემა, აპოლიტიკური აქციაც კია. მისი მიზანია ანტიოკუპაციური თემის გააქტიურება, მასში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა და ანტიოკუპაციური გზავნილები ყოველდღე, საოკუპაციო ზოლიდან ყველა ახალი ამბის უსწრაფესად გავრცელება."- აცხადებს ლაშა ბერულავა.

ყარაფილასთან მწვანე ბანერი, პოლიციელების განმარტებით, 2011 წლიდან დგას. ხნული კი, პირველად 2015 წელს გაჩნდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები