ახალი ამბები
ჭალის დასახლებაში სპორტის სასახლის მშენებლობა ჭაობმა შეაფერხა
ქალაქ გორში, ჭალის დასახლებაში, მშენებლებს მუშაობისას ზედაპირული გრუნტის წყლები დახვდათ.

ამის შესახებ  კანადურმა კომპანიამ ,,Behlen Industries LP“ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წერილობით აცნობა.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, შეუსაბამო ნიადაგის გამო, ადგილზე დიდი რაოდენობით ბალასტის შეტანა და გრუნტის გამოცვლა გახდა საჭირო.

კომპანია ,,Behlen Industries LP“-ის წარმომადგენელი დაკმვეთს სთხოვს, რომ სამუშაოების დასრულების ვადად 2017 წლის 29 დეკემბერი განუსაზღვრონ. სპორტის სასახლე, სამინისტროს, 2017 წლის 31 აგვისტოს უნდა ჩაებარებინა.

სამუშაოებს ტექნიკურ ზედამხედველობას კომპანია ,,სპორტმშენსერვისი" უწევს. მისი დირექტორი ლევან ტარყაშვილი მინისტს ტარიელ ხეჩიკაშვილს სწერს, რომ გრუნტის წყლები ჭალის დასახლებაში მოულოდნელი იყო.

აღნიშნულ წერილში არაფერია ნათქვამი საპროექტო დოკუმენტაციის გამართულობის შესახებ, რომლის მიხედვით, ადგილზე გეოგლოგიური დაკვირვება წინასწარ უნდა მომხდარიყო. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კანადურ კომპანიას მშენებლობის დასრულების ვადას 20 ნოემბრამდე აძლევს.

,,ქ. გორში შერჩეულ ტერიტორიაზეც დაფიქსირდა გრუნტის წყლების მაღალი დონე, გრუნტი იყო დაშლამული და დაჭაობებული და გრუნტის გასაძლიერებლად აუცილებელი გახდა დიდი მოცულობის ბალასტის შეტანა, ხოლო დაჭაობებულ მონაკვეთებში კი საჭირო გახდა გრუნტის შეცვლა." - აღნიშნავენს სამინისტროში.

სასახლის დიდი დარბაზი 1 500, ხოლო პატარა დარბაზი 500 სტუმარზეა გათვლილი. პროექტი„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება და 2016-2017 წლებში საქართველოში სამი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას ითვალისწინებს.

პირველ ეტაპზე სპორტის სასახლეები აშენდება თელავში, ბათუმსა და გორში. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულებაა 33 850 000 აშშ დოლარი, ხოლო სრული პროგრამის ღირებულება მეორე ეტაპის ჩათვლით 54 350 000 დოლარს შეადგენს.





 

Print

სტატიის გამოყენების პირობები