ქალაქ გორში, ცხინვალის გზატკეცილზე მდებარე სამი კორპუსის მცხოვრებთა
შექმნილ ,,ამხანაგობის" ინიციატივას გორის მერიამ მხარი დაუჭირა.
43-ე; 51-ე და 53-ე კორპუსების სადარბაზოებს და სახურავებს,
ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, გაარემონტებენ.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქალაქის მერმა ზურაბ
ჯირკველიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტი
,,ამხანაგობების" წარდგენილ პროექტს 90%-ით დააფინანსებს.
,,მას შემდეგ, რაც ჩვენი ინიციატივით თანადაფინანსების პროგრამა
შემოვიღეთ, ქალაქში ძალიან ბევრ დასახლებაში სხვადასხვა
ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. ეს ეხება როგორც
სადარბაზოებს და სახურავებს, ასევე, ეზოს მოპირკეთების და
მოასფალტების საკითხებს" - აღნიშნავს ზურაბ ჯირკველიშვილი.
მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მილიონ ნახევარი ლარი,
სწორედ, ,,ამხანაგობების" წარდგენილ პროექტებზე დაიხარჯა. იგი
მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს.
სტატიის გამოყენების პირობები