ახალი ამბები
ნათელა გოგიძე - დევნილი ქალი ჯარში
42-წლის ნათელა გოგიძე კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მუშაობა სამხედრო სამსახურში დაიწყო. ხშირად, ამის გამო, სხვადასხვაგვარი განწყობები და რეპლიკები შეხვდა. თუმცა, ამ შემთხვევაში სხვისი აზრი არ გაითვალისწინა.

ნათელა გოგიძეს სამი ვაჟი ჰყავს. უფროსი შვილი გიორგი ტოროშელიძე დედის გადაწყვეტილებას მიესალმება და მამის სიკვდილის შემდეგ გადატანილი მისი ტკივილი მუდამ ახსოვს. გიორგის კიდევ ორი ძმა ჰყავს. უმცროსი ძმის, რატის დაბადებას მამა, ჯიმშერ ტოროშელიძე ვერ მოესწრო. 2008 წლის 6 აგვისტოს, კოდორის ხეობაში, 36-წლის ასაკში ჯიმშერ ტოროშელიძე ნაღმზე აფეთქდა. ნათელა გოგიძე ამ დროს ხუთი თვის ფეხმძიმე იყო.



ფოტოზე: რატი ტოროშელიძე



ფოტოზე: გიორგი ტოროშელიძე

ნათელა გოგიძე ამბობს, რომ მეუღლის დაღუპვით გამოწვეული ტკივილი რატის დაბადებამ გადაატანინა.

,,დავკარგეთ სოფელი, სახლ-კარი, დავკარგე ყველაზე ძვირფასი, საყვარელი ადამიანის სიცოცხლე. სწორედ ამან გადამადგმევინა ეს ნაბიჯი" - ამბობს ქალბატონი ნათელა.

1998 წელს, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, მამაც დაკარგა. ტრაგედიებს წინ ბედნიერი წლები უძღოდა.

„ერთმანეთი 1993 წელს, ცხინვალის რაიონში, სოფელ ძარწემში გავიცანით. იმავე წელს ვიქორწინეთ. ჯიმშერი 20 წლის იყო, მე – 18-ის. თვითნასწავლი მუსიკოსი გახლდათ. ჩემი დედამთილი სოფელ კეხვიდან არის, ბევრი ნათესავი ჰყავდა და ჯიმი ხშირად ამოდიოდა სოფელში. მე ნიჭიერთა ათწლედი მქონდა დამთავრებული, ხალხურ მუსიკალურ საკრავებზეც ვუკრავდი… კონცერტებზე ხშირად გვიწევდა ერთად გამოსვლა. ძალიან კონტაქტური პიროვნება იყო… ასე გავიცანით ერთმანეთი. ხელოვნებამ დაგვაახლოვა, რომ იტყვიან. მეორედ მეგობართან სადღესასწაულო სუფრაზე შევხვდით. ბოლო პერიოდში ისე დაემთხვა, რომ ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს, ჩემთანაც მოდიოდა… გაცნობიდან რამდენიმე თვეში, მშობლებს ჩემი ხელი სთხოვა. როგორც ქართულ ტრადიციულ ოჯახს შეეფერება, ჯერ დავინიშნეთ და რამდენიმე თვეში ქორწილი გვქონდა. ძალიან ბედნიერი წლები გავატარეთ… უბედნიერესი ქალი ვიყავი. ერთად 15 წელი ვიცხოვრეთ“. წლისთავზე ვაჟი შეეძინათ, გიორგი დაარქვეს. პირველს მეორე მოჰყვა, მესამეს დაბადებას მამა ვერ მოესწრო… რატი მამის გარდაცვალების შემდეგ მოევლინა ქვეყანას. გოგოს მოლოდინში სამი ვაჟი გაუჩნდათ. უფროსი 16 წლის არის. ჯიმშერს სავალდებულოს მოხდა არ შეხებია, მამობამ იხსნა. ჯარში, საკუთარი სურვილით, 2007 წელს წავიდა. ნათელა გოგოიძე, ჯიმშერის მეუღლე: „სულ იმას მეუბნებოდა, საფლავში ნუ ჩამიყვან ისე, რომ გოგო არ მაჩუქოო… მე ბიჭები მეამაყებოდა და ვპირდებოდი, გოგოს აუცილებლად გავაჩენ-მეთქი… პირველი შვილი რომ შეგვეძინა, ამბობდა, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ცაში დავფრინავო. გვარის გამგრძელებელი მეყოლა და ახლა რაღა მომკლავსო. ძალიან ბედნიერი იყო… ერთად ვგეგმავდით შვილების მომავალს. უნდოდა, ყველასთვის კარგი განათლება მიეცა, გზაზე დაეყენებინა… მე საბავშვო ბაღში, მუსიკის მასწავლებლად ვმუშაობდი. სანამ ჯარში კონტრაქტით წავიდოდა, მანამდე დედამთილ- მამამთილთან ვცხოვრობდით. საკმაოდ დიდი ოჯახი გვქონდა და ცალკე გასვლა გადავწყვიტეთ… კარგად ვიყავით. სტაბილური შემოსავალი გვქონდა. შვილებს მომავალს ვუქმნიდით. არაფერს არ ვაკლებდით. ბედნიერად ვცხოვრობდით, მაგრამ ეს ბედნიერება დიდხანს არ დაგვცალდა…" - ამონარიდი წიგნიდან ,,გმირები". ჯიმშერ ტოროშელიძეს სამხედრო მამაცობისთვის გმირის წოდება მიენიჭა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები