ახალი ამბები
მდინარე ლიახვის სანაპიროს რეაბილიტაცია ბუნებრივი აირის მილის გამო შეფერხდა
26 მაისის სანაპიროს ერთ მონაკვეთზე სარეაბილიტაცია სამუშაოები დროებით შეჩერდა. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა, ბუნებრივი აირის მილის გამო, მდინარე ლიახვის გასწვრივ, ტროტუარის მოპირკეთება შეაჩერეს.

ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ ,,სოკარ ჯორჯიას" რთული და ბიუროკრატიული სისტემის გამო, ბუნებრივი აირის მილის გადატანა ჭიანურდება.

,,ჩემთან მოვიდნენ კომპანიის წარმომადგენლები და გვთხოვეს, რომ დაგვეჩქარებინა ამ მილის გადატანა. მოგეხსენებათ, ,,სოკარ-ჯორჯიას" რა რთული ბიუროკრატიული სისტემა აქვს, რამდენჯერმე მივმართეთ. იმედი მაქვს, ძალიან მალე მოხდება მილის გადატანა" - აცხადებს ზურაბ ჯირკველიშვილი.

კომპანია, რომლის წარმომადგენლებმაც ქალაქის მერს მიაკითხეს, შპს ,,იბოლიაა". ეს კომპანია გორის მაჟორიტარ დეპუტატს, პარლამენტარ იოსებ მაკრაიძის კუთვნილებაა. ,,იბოლიამ" ტენდერი დაახლოებით 380 000 ლარად მოიგო. 2017 წლის 18 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მოედნის რეაბილიტაცია 120 დღეში, დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.

,,26 მაისის სანაპირო" წმინდაწყლის (ამილახვრის) ხიდიდან იწყება, გაივლის ლიახვისა და მეჯუდას შესართავს. შემდეგ კი, კომბინატის ხიდთან მთავრდება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები