ახალი ამბები
ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს მანქანა არ შეხვდა - ,,ტოიოტა პრადო სოფლებშია საჭირო"

 

,,ლექსუსი"-ს და ,,ტოიოტას" საკითხები საკრებულოების  2014 წლის 26 აგვისტოს სხდომებზე განიხილეს. ორივე მანქანა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე, ანუ ქალაქის და რაიონის გაყოფამდე, გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში შედიოდა. ქონების გაყოფის დროს ,,ლექსუსი" რაიონის საკრებულოს,, ხოლო ,,ტოიოტა პრადო" - ქალაქის საკრებულოს ერგო.

 

,,ტოიოტა პრადოს" გამოყენებაზე ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა უარი განაცხადა, ის უფრო რაიონის ხელმძღვანელს, სოფლებში სასიარულოდ გამოადგებაო. შესაბამისად, გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, სამაგიროდ, რაიონის საკრებულომ ქალაქ გორის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს, უფრო ,,დაბალი გამავლობის" - ლექსუსის ჯიპი ათხოვა.

 

ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე ამბობს, რომ ეს ოპტიმალური გადაწყვეტილებაა. ,,მაღალი გამავლობის მანქანები სოფლებშია საჭირო" - აცხადებს კობერიძე. ,,ტოიოტა პრადო"-თი პაპუნა კობერიძე რაიონის გამგებლად მუშაობის დროს სარგებლობდა. (2012 წლის ნოემბრიდან 2014 წლის მაისამდე)

 

ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა განაცხადა, რომ ის მანქანები, რომლებიც ქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია (სულ 8), მწყობრიდანაა გამოსული, მათ შორის ,,ტოიტოტა ქამრი". ეს უკანასკნელი კი გასულ წელს გორის მაჟორიტარი დეპუტატის სოსო ვახტანგაშვილის ბიუროს ემსახურებოდა. ამჟამად, ტოიოტა ქამრიც მწყობრიდანაა გამოსული. 

 

,,მის შეკეთებას დაახლოებით 5 ათასი ლარი ჭირდება. ამიტომ მერიამ მისი და სხვა დაზიანებული მანქანების შეკეთებაზე უარი განაცხადა" - გვითხრა გორის მერმა. ჩვენს კითხვაზე, ვინ დააზიანა ,,ტოიოტა ქამრი", ზურაბ ჯირკველიშვილს ამაზე პასუხი არ აქვს.

 

საკრებულოს სხდომაზე ზურაბ ჯირკველიშვილმა წევრებს მიმართა, რომ გაურკვეველ უწყებებში გათხოვებული მანქანების უკან დაბრუნებაში დახმარება გაუწიონ. ,,რეალურად, გვერიცხება ისეთი მანქანები, რომლებიც არ ვიცით, სად არის. ამიტომ, უახლოეს ხანებში მოგმართავთ წინადადებით, რომ ეკონომიკის სამინისტროს ამ მანქანების მოძიებაში და დაბრუნების თხოვნით მივმართოთ" - თქვა გორის მერმა.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები