ახალი ამბები
გორში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ერთი თვის წინ დაიწყო
24-წლის ბიჭი, რომელიც სახის არეში მიყენებული მძიმე დაზიანების შედეგად, გორის საავადმყოფოში გარდაიცვალა, ბათუმელი მურმან სურმანიძეა. ის ახალგაზრდებს შორის, ჯერ კიდევ, ერთი თვის წინ დაწყებულ უთანხმოებას შეეწირა. 

ერთი შეხედვით, დაპირისპირების მიზეზი, სრულიად უმნიშვნელოა, თუმცა კაჩინსკების ქუჩაზე დატრიალებული ამბავი  საბედისწერო აღმოჩნდა. 

როგორც ირკვევა, მასსა და ბრალდებულ, 20-წლის ნოდარ თ-ს შორის, უთანხმოება ერთი თვით წინ გაჩნდა. ,,სხვისი ტელეფონით გაშვებულ ზარზე მურმანს უპასუხია, რასაც მოჰყვა იმის გარკვევა, თუ რატომ უპასუხა ტელეფონს მან. ჩამოვალ გორში ერთ თვეში და შევხვდეთო, უთქვამს მურმან სურმანიძეს" - ეს არის ტრაგედიის მიზეზებს შორის ერთი მცირე დეტალი, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელმა განუცხადა. 

ბრალდებულის პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია. მისი ადვოკატი კომენტარისგან თავს იკავებს. გორის სასამართლო კი, სახელმწიფო ბრალდების, პროკურატურის პოზიციას ასაიდუმლოებს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ქალაქში დატრიალებული ტრაგედიის დეტალებს სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები ასაიდუმლოებენ.

შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება?  სოციალურ ქსელში ფიქრობენ, რომ - კი. რადგანაც, მათი აზრით, ჩხუბი დასახლებულ ადგილას, საცხოვრებელი კორპუსების სიახლოვეს საღამოს საათებში მოხდა, თვითმხილველ მოქალაქეებს სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის დროულად უნდა ეცნობებინათ.

მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მოზარდებში და ახალგაზრდებში მოსალოდნელია სერიოზული დაპირისპირება, ამ შემთხვევაში რას აკეთებს სახელმწიფო? კონკრეტულად, სამართალდამცავი ორგანოები?

2013 წლის დოკუმენტში, (საქართველოს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ") რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა, წერია: ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია საზოგადოების არასათანადო ინფორმირებულობა. „ქურდული სამყარო“ საზოგადოების ამა თუ იმ წრეში კვლავაც გარკვეული პოპულარობით სარგებლობს. ამ მხრივ, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილი მოზარდები და სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლები არიან, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ადვილად ექცევიან კრიმინალური „ავტორიტეტებისა“ და ზოგადად, კრიმინალური სამყაროს გავლენის ქვეშ. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს საზოგადოებრივი მართლშეგნებისა და ცნობიერების ამაღლება არსებულ საკითხებთან დაკავშირებით."

აქედან გამომდინარე, 2013 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს დასახული ჰქონდა ყველაზე მთავარი მიზანი:

• საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; - საზოგადოების ინფორმირება ორგანიზებული დანაშაულის პრევენცია და მასთან ბრძოლა, მხოლოდ მაშინ არის ეფექტიანი, როდესაც ამ პროცესებში სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად ჩართულია საზოგადოებაც. მიზანშეწონილია შესაბამისმა უწყებებმა, კომპეტენციის ფარგლებში, გაატარონ ორგანიზებული დანაშაულის საფრთხეების შესახებ, მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში მოქალაქეთა თვითშეგნების ამაღლებისა და ჩართულობისთვის საჭირო საინფორმაციო კამპანიები. ასევე, მნიშვნელოვანია მოხდეს საზოგადოების ინფორმირება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მიღწეული წარმატებების შესახებ და ა.შ."
Print

სტატიის გამოყენების პირობები