ახალი ამბები
ხაშურელებს "ღირსეული პარტნიორი 2017"-ის მონაწილე ქვეყნების სამხედრო ტექნიკის დათვალიერება შეეძლებათ
ხვალ, 31 ივლისს, დღის 12 საათზე ხაშურში, დიმიტრი ყიფიანის სახელობის ცენტრალურ მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის წინ გაიმართება სამხედრო მრავალეროვნული სწავლების "ღირსეული პარტნიორი 2017" მონაწილე ქვეყნების სამხედრო ტექნიკის დათვალიერება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის გამგეობიდან აცნობეს.

,,ძალა პარტნიორობაშია”  მრავალეროვნული სწავლება ”ღირსეული პარტნიორი 2017”-ის მთავარი გზავნილია, რომელსაც საქართველო უკვე მესამედ მასპინძლობს.

წელს სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია და მასში ნატო-ს წევრი და პარტნიორი რვა ქვეყანა მონაწილეობს, ესენია საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა. სწავლების აქტიური ფაზა 12 აგვისტოს ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი წვრთნით დასრულდება.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ”ღირსეული პარტნიორი 2017” ემსახურება სტაბილურობას, თავდაცვითი და შეტევითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ნატო-ს რეაგირების ძალების საბრძოლო შესაძლებობების გაზრდას, NRF-ში მონაწილე დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის გაღრამავებას.

სწავლებაში 2 800-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. პირველად სწავლებაში ჩაერთო გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი „ბოქსერი“. წვრთნაში წარმოდგენილია ასევე, ამერიკული ტანკები „აბრამსები“, ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“ და „სტრაიკერი“, ასევე C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი”.
Print

სტატიის გამოყენების პირობები