ახალი ამბები
მოულოდნელი სტუმარი ლიახვის ხეობიდან - ,,მურამ" პატრონები გორში იპოვა
,,მურა“ ერთადერთი იყო, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ხეობიდან, ლუსია მამიევისა და ალექსანდრე მეტრეველის სანახავად, გორამდე მიაღწია. ქალაქის შესასვლელში, წმინდაწყალზე მდებარე მეხუთე ბრიგადასთან ბინა დაიდო და მოხუც მეგობრებთან სულ რაღაც 100-200 მ მანძილი აშორებდა.

კეთილ სამხედროებს მიეკედლა. იქიდან კი, აღარსად წასულა. 2010 წლამდე ლუსია მამიევს და ალექსანდრე მეტრეველს მისგან მხოლოდ გორი-ცხინვალის გზატკეცილი აშორებდა. 2009 წლიდან მოხუცები იქვე აშენებულ დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ.

ერთხელ ალექსანდრე მეტრეველის ძმისშვილმა შემთხვევით მეხუთე ბრიგადასთან ფეხით გაიარა. ძაღლმა მას მოულოდნელად შეყეფა. ეს შეყეფვა აღმოჩნდა არა გაბრაზებული ძაღლის, არამედ, მეგობარი ძაღლის მისალმება. 2-წლიანი გაშორების შემდეგ, გახარებული ,,მურა" რამდენიმე წუთში უკვე პატრონების ახალ სახლში აღმოჩნდა.

,,ორი დღე მე და ჩემი ბიჭი ვტიროდით სიხარულისგან" - გვითხრა ლუსია მამიევმა. იგი, ახლა, 80 წლისაა და 88-წლის მეუღლესთან ერთად გორთან ახლოს, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ,,მურამ" ცხოვრება მოხუცების შვილიშვილებთან წეროვანის დასახლებაში გააგრძელა. ის შარშან მოკვდა ისე, რომ ფოტოც კი არ დარჩენილა.

80 წლის ლუსია მამიევი და 88 წლის ალექსანდრე მეტრეველი სოფელ ძარწემიდან არიან. ახალ საკარმიდამო ნაკვეთში მოყვანილ ლობიოს, რომელიც წელს მცირე რაოდენობით მიიღეს, ჩვენი სტუმრობისას ერთად არჩევდნენ.

,,აქ ჭირს ცხოვრება. ჩემი შვილი იძულებული გახდა სამუშაოდ რუსეთში წასულიყო. კიდე 40 კაცი წავიდა სამუშაოდ აქედან." - ამბობს ლუსია მამიევი. ომის გამო, ვეღარც საკუთარ და-ძმას და მათ ოჯახებს ნახულობს, რომლებიც ამჟამად ცხინვალში ცხოვრობენ.

,,ომი რომ დაიწყო, სოფელში ვიყავით. ტყეში გავედით მე და ჩემი მეუღლე, იქ ვისხედით და ველოდებოდით დამთავრებას. ჩემმა გოგომ და სიძემ მოგვძებნეს. ჯერ ცხინვალში მიგვიყვანეს ნათესავებთან. მერე იმის შიშით, რომ მათთაც არ შექმნოდათ პრობლემები, ვლადიკავკაზში წაგვიყვანეს. ჩემი გოგო იქაა გათხოვილი. როცა გაიხსნა გზები, სადღაც 27 დღის შემდეგ გადმოვედით საზღვარზე" - იხსენებს ლუსია მამიევი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები