ახალი ამბები
შავშვების დევნილთა დასახლებაში თემის ლიდერ ქალებს საკრებულოს წევრი ქალები შეხვდნენ
დისკუსიას, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების დევნილთა დასახლებაში გაიმართა, თემის ლიდერი ქალები ესწრებოდნენ და მიზნად ისახავდა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, პოლიტიკაში მოსვლით დაინტერესებული ქალების გამოვლენას და არჩევნებში ქალთა ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.

,,რაც უფრო მეტი ქალი მოხვალთ პოლიტიკაში ეს ნიშნავს რომ ეს სოფელი, მუნიციპალიტეტი და მთელი ქვეყანა უფრო განვითარდება, უფრო მეტი პრობლემა მოგვარდება, რადგან ქალები იმ პრობლემებსა და საჭიროებებს ვხედავთ, რაც ხშირად კაცებს ყურადღების მიღმა რჩებათ. მეტი ქალი პოლიტიკაში ბავშვთა ინტერესებზე ზრუნვას, ქალთა საჭიროებების წინ წამოწევას და სოციალურ პროგრამებზე აქტიურ მუშაობას ნიშნავს, რაც ჩვენი კეთილდღეობის საწინდარია. ამიტომ დაფიქრდით, მონახეთ თქვენში ძალები და მიიღეთ ქვეყნის მართვაში მონაწილეობა. თქვენ ეს შეგიძლიათ,“ - მიმართა ქალაქ გორის საკრებულოს წევრმა ლია ჩლაჩიძემ დისკუსიის დასასრულს ქალებს.

შეხვედრას 20-მდე ქალი ესწრებოდა, როგორც დევნილები, ასევე ადგილობრივი მცხოვრებნი. მათ შორის იყვნენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიც.

დისკუსიაზე მიწვეულნი იყვნენ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები - ლია ჩლაჩიძე და თამარ თედლიაშვილი. მათ მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია გენდერული თანასწორობის, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის და კანდიდატი ქალების მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ და საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს.

დისკუსია გაიმართა პროექტის ,,თანასწორობა იგებს“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით.









Print

სტატიის გამოყენების პირობები