ახალი ამბები
სვენეთში სარწყავი წყლის მიწოდებას ითხოვენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში, სარწყავი წყლის მიწოდებას ითხოვენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლიდან აცნობეს.

მოსახლეობის 65-კაციანი სია, ჯერ კიდევ, 2017 წლის 19 ივლისს სოფლის წარმომადგენელმა კობა ქარელიშვილმა გამგეობაში შეიტანა, თუმცა, 1 აგვისტოს მდგომარეობით, სიახლე არაფერია.

აღნიშნული განცხადების მიხედვით, 2016 წელს დაწყებული პროექტი, სასმელი წყლის საქაჩის მონტაჟის შესახებ, არ დასრულებულა. კობა ქარელიშვილის თქმით, ეს პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაიწყო, თუმცა, თანხების სიმცირის გამო, საქაჩის ყიდვა ვერ მოხერხდა.

,,მილები ჩაყრილია, შენობაც აშენებულია. უბრალოდ, ტუმბოს ყიდვისთვის თანხა აღარ დაგვრჩა. წყალს მდინარე თორთლადან ავქაჩავთ რეზერვუარში და შემდეგ უნდა გადავანაწილოთ მინდვრებზე. მხოლოდ საქაჩიღა გვინდა" - განმარტავს კობა ქარელიშვილი.

გამგეობის ინფრასტურქტურის სამსახურის უფროსი ზვიად ანესაშვილი ამბობს, რომ სვენეთის წყლის საქაჩი ტუმბოს შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. გამგებლის მოადგილე ტარიელ მაისურაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. გამგებელმა დავით ონიაშვილმა (განცხადების მიმართვიდან 9 დღის შემდეგ) 24 ათასი ლარი, საქაჩის ყიდვის მიზნით, გამოყო, თუმცა პირველი 1 აგვისტოს მდგომარეობით, საქაჩი ნაყიდი არაა.

,,თუ უახლოეს დღეებში გაკეთდება საქაჩი, მოსავალი გადარჩება, ჩვენთან ძირითადად პომიდორი მოჰყავთ. იმის გამო, რომ გაზაფხულზე ძლიერმა ყინვებმა ხეხილი დააზიანა, მოსახლეობამ ბოსტნეული კულტურების მოყვანა დაიწყო" - აღნიშნავს კობა ქარელიშვილი.












Print

სტატიის გამოყენების პირობები