ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან დაკავებული ლევან კუდუხოვი ბებიის სანახავად ახალგორისკენ მიდიოდა
კასპში მცხოვრები, 31-წლის ლევან კუდუხოვი, გუშინ, 31 ივლისს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ერგნეთის საგუშაგოზე საქართველოს პოლიციას გადასცეს.

ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლევან კუდუხოვს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო, ჯარიმა, 2000 რუბლის ოდენობით დააკისრეს. თანხა ბიძამ გადაიხადა, რომელიც სპეციალურად, ძმისშვილის დასახმარებლად, ვლადიკავკაზიდან ცხინვალში ჩავიდა.

,,ბებიის სანახავად მიდიოდა ახალგორში" - ამბობს მაია დაბრუნდაშვილი, ლევან კუდუხოვის დედა - ,,მთელი ბავშვობა იქ გაატარა და მოენატრა ჩემი დედამთილი. თან ცოტა ნასვამი ყოფილა და ამიტომაც გადაწყვიტა ასე თამამად გადასვლა მეორე მხარეს" - გვითხრა მაია დაბრუნდაშვილმა.

იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ ლევან კუდუხოვმა ბებიის ნახვა მაინც ვერ შეძლო. გაზაფხულის შემდეგ ერთმანეთი აღარ უნახავთ:

,,ბებია იქ მარტო ცხოვრობს ამჟამად. გაზაფხულზე წავიდა ახალგორში, რომ სახლკარს მიხედოს. დანარჩენ სეზონზე ჩვენთან არის ხოლმე კასპში. ამ ზამთარს ცოტა ავადმყოფობდა და, ძირითადად, ჩემი ბიჭი უვლიდა სახლში" - ამბობს მაია დაბრუნდაშვილი.

28 ივლისს ლევან კუდუხოვი სოფელ ლამისყანაში დღეობას ესწრებოდა. ივლიტობის დღესასწაულზე ახლობლებთან და მეგობრებთან იქეიფა. საღამოს ხანს ბებიის ნახვა გადაწყვიტა, ფეხით სოფელ თვაურებისკენ წავიდა და ახმაჯთან გამყოფი ხაზი გადაკვეთა.

გამყოფ ხაზთან რუსეთისა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთები მოსთხოვეს, რაც არ აღმოაჩნდა. ეს კი, დაკავების საფუძველი გახდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები