ახალი ამბები
ჭავჭავაძის ქუჩის ძაღლს და ლეკვებს შემფარებელი რაიონში გამოუჩნდა
ქალაქ გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრებ მიუსაფარ ძაღლს შემფარებელი რაიონში გამოუჩნდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ცხოველთა დამცველმა ირმა მთიულიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ყველაზე მეტად იმ ადამიანების რეაქცია იმსახურებს პატივისცემას, რომლებმაც ერთი კვირის განმავლობაში ძაღლს ყურადღება მიაქციეს.

,,ძაღლმა ლეკვები ქუჩაში გააჩინა, ზედ ტროტუარზე. სპეციალურ ყუთში ჩასვეს და ჯერ კიდევ თვალაუხელელ ლეკვებს მეზობლები ყურადღებას აქცევდნენ. როდესაც შემფარებელი გამოჩნდა და მათ წასაყვანად მივედით, მეზობლები გაბრაზდნენ და არ გვატანდნენ" - აცხადებს ირმა მთიულიშვილი.

მას შემდეგ, რაც ჭავჭავაძის ქუჩის ჩიხის მცხოვრებლეებმა ირმა მთიულიშვილი იცნეს და დარწმუნდნენ, რომ ძაღლს და ლეკვებს სანდო მფარველი ეყოლებოდათ, მხოლოდ, ამის შემდეგ გაატანეს ცხოველები.

,,ჩვენ სწორედ შენ გელოდებოდით" - უთხრა ერთ-ერთმა მეზობელმა ირმა მთიულიშვილს - ,,არ გვინდოდა მათი წაყვანა ძაღლთა თავშესაფარში".

,,მე ნამდვილად არ მეგონა, რომ ამდენი ადამიანი ამ ერთი ძაღლისა და მისი ლეკვების დასაცავად გამოვიდოდა. მესიამოვნა კიდეც, როცა თავიდან მსაყვედურობდნენ, არ გაგატანთ თავშესაფარში, იქ მოკვდებიანო. თავშესაფრის წარმომადგენელი ვეგონე. როცა გაიგეს, ვინც ვიყავით, ძალიან გაუხარდათ. გაუხარდათ, რომ მათი ეზოს ძაღლს და ლეკვებს შემფარებელი გამოუჩნდა. როგორც კი, ლეკვები თვალს აახელდნენ, ქუჩაში გავიდოდნენ და მანქანა გადაუვლიდა." - აცხადებს ირმა მთიულიშვილი.

ფინია ძაღლი და მისი ლეკვები ამჟამად ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ. მათ შესახებ ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლები (თეატრის გადასწვრივ) ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები