ახალი ამბები
5 დღე გლეხებს - 5 დღე ფერმერებს/კვარხეთსა და ხელთუბანში სარწყავ წყალზე გრაფიკი შეიმუშავეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კვარხეთსა და ხელთუბანში, ფერმერები და კერძო საკარმიდამო ნაკვეთების მფლობელი გლეხები სარწყავ წყალს ვერ იყოფენ.

ამის გამო გორი-მეჯვრისხევის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ადგილობრივებმა სოფელ ხელთუბანთან დაახლოებით ერთი საათით დღეს გადაკეტეს.

მოსახლეობა ტირიფონას სარწყავი წყლის სამართლიანად განაწილებას ითხოვს. შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ადგილზე ვითარების შესასწავლად, შიდა ქართლის გუბერნატორი ხელთუბანში მივიდა.

პრეს-სამსახურის ცნობით, სარწყავი არხის გამანაწილებელი ქსელი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ მეჯვრისხევთან დაათვალიერეს. მოსახლეობასთან ერთად, გუბერნატორის ვიზიტს მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

,,კონკრეტულად, სოფელ მეჯვრისხევთან დავათვალიერეთ ის ადგილი, საიდანაც არხიდან აღნიშნული სოფლების მიმართულებით წყალი მიედინება. საკუთარი თვალით ვნახეთ წყლის ის რაოდენობა, რაც დღესდღეობით არხში დის. მდინარე ლიახვმა დაიკლო, პატარა ლიახვი თითქმის დაშრა, ხოლო სატუმბი სადგურიდან გადაქაჩული წყალი ყველა მოსახლეს არ ჰყოფნის" - აცხადებს მელიორაციის სამსახურის გორის სერვისცენტრის ხელმძღვანელი ზაზა ბერუაშვილი.

მისი თქმით, დღევანდელი ვიზიტის შემდეგ,  წყლის ეფექტურად და სამართლიანად განაწილების მიზნით, გრაფიკი შემუშავდა.

,,ამ ეტაპზე შევიმუშავეთ ასეთი გრაფიკი, რომ 5 დღე მიეწოდოს სოფლის მოსახლეობას, ხოლო, დანარჩენი 5 დღე იმ ადამიანებს, რომლებიც ფერმერულ მეურნეობას მისდევენ" - აცხადებს ზაზა ბერუაშვილი.  ამ ეტაპზე სარწყავი წყალი უკვე კერძო ნაკვეთებში მიედინება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები