ახალი ამბები
კარალეთის დევნილთა დასახლებაში სანიაღვრე არხი და გზა მოსაწესრიგებელია
კარალეთის დევნილთა დასახლებაში, ნალექიანი ამინდების დროს და სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო, ადგილნაცვალ პირებს კოტეჯები ეტბორებათ. ისინი აცხადებენ, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად პრობლემა დღემდე მოუგვარებელი რჩება.

დევნილთა დასახლებაში დიდი და პატარა ლიახვის, ასევე, მდინარე ფრონეს ხეობიდან დევნილები ცხოვრობენ. ამავე დროს, ინფრასტრუქტურა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაშია. დღეის მდგომარეობით, ერედვის, ქურთას, ავნევისა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გათვალისწინებული არაა.

,,ძლიერი წვიმის დროს დასახლებაში ფაქტიურად ვერ შევა ადამიანი, ვერც ფეხით და ვერც მანქანით, მოსაწესრიგებელია ეს სანიაღვრე სისტემა და ამას რამდენი ხანია გავიძახით, მაგრამ არავინ ყურადღებას არ გვაქცევს,“- ამბობს ხეითიდან დევნილი ლამარა გოჩაშვილი.

სანიაღვრე სისტემასთან ერთად პრობლემას წარმოადგენს დასახლებაში არსებული გზაც, რომელიც ადგილობრივების ინფორმაციით, მათ საკუთარი ძალებით მოხრეშეს.

,, გასულ წელს რამდენიმე მეზობელმა ფული შეკრიბა, 300 ლარი მოგროვდა და ხრეში დავყარეთ, მაგრამ მთლიანობაში გზა არის გასაკეთებელი, არ ვიცი ვის ეხება, ვის დავუკავშირდეთ, ვის მოვთხოვოთ, მაგრამ ფაქტია, რომ მოუწესრიგებელია დასახლებაში ინფრასტრუქტურა და 8 წელია საშველი ვერ დაგვადგა". - აცხადებს აჩაბეთელი გიორგი გოგიძე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ დევნილთა დასახლებაში გზების რეაბილიტაცია სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის.

2014 წლიდან, თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების შემდეგ, დევნილთა დასახლებები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადაეცათ. ამავდროულად, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 164-ე მუხლის მიხედვით, „ქურთის, თიღვის და ერედვის მუნიციპალიტეტების ორგანოებს უფლება აქვთ განახორციელონ ის ღონისძიებები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია დასახლებებში მცხოვრები დევნილებისთვის დახმარების გაწევასა და სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასთან“.

ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, 2015-2016 წლებში წყალმომარაგების რეაბილიტაციისა და მომსახურების სააგენტომ კარალეთის დასახლებაში არსებული სანიაღვრე სისტემებისა და შიდა გზის (წყლის დაგუბების ადგილებში) ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა, რისთვისაც სულ 980 ლარი დაიხარჯა.

,, გზების მთლიანი რეაბილიტაცია არ მომხდარა და ამ მოთხოვნით არც მოსახლეობას მოუმართავს“-აცხადებენ  მუნიციპალიტეტში.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასაც დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ კარალეთის დევნილთა დასახლებაში სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება და გზების რეაბილიტაცია ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის.

კარალეთის დევნილთა დასახლებაში 2008 წლის შემდეგ 480 ოჯახი ცხოვრობს, რომლებისთვისაც პრობლემური საკითხები ომიდან 9 წლისთავზე კვლავ გადაუჭრელი რჩება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები