2014 წლის 29 აგვისტოს სოფელ კარალეთში ,,წარმომადგენლის" თანამდებობაზე ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებული რამაზ ყაყიტაშვილი ოფიციალურად დაინიშნა. სოფელში აქტივისტებმა ხელმოწერები შეაგროვეს და ყაყიტაშვილის მოხსნა ითხოვეს. რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი ვითარების გასარკვევად სოფელში ჩავიდა.
მუნიციპალიტეტის გამგებელთან საუბარში ხელმომწერების დიდმა ნაწილმა აღნიშნა, რომ განცხადებას ხელი ისე მოაწერა, რომ თავსართი არ ჰქონდათ წაკითხული. ,,ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო რამაზ ყაყიტაშვილთან, იმასაც პატივს ვცემთ და ამასაც" - აღნიშნეს ადგილობრივებმა.
საკრებულოს წევრი, კოალიცია ,,ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების" სიით მოხვედრილი, კარალეთში მცხოვრები ხათუნა ხათაშვილი ამბობს, რომ ხელმოწერების ინიციატორი უპასუხისმგებლოდ იქცევა:
,,ამ სოფელში, ვინც ნამდვილად იბრძოდა 2012 წელს და პირსისხლიან რეჟიმს ებრძოდა, ისინი ხმას არ იღებენ. 2012 წლის შემოდგომაზე მეც მქონდა განცხადება შეტანილი რწმუნებულის პოსტზე დანიშვნის მოთხოვნით, მაგრამ რაკი კოალიციამ გადაწყვიტა, რომ რამაზ ყაყიტაშვილი დანიშნულიყო, მე ამ გადაწყვეტილებას პატივი ვეცი. ახლა ვინც ითხოვს ყაყიტაშვილის მოხსნას, ისინი ჩემი მიყვანილები არიან პარტიაში, ჩემი ინიციატივით ჩავსვი საარჩევნო კომისიებში მისი ოჯახის წევრები. მათი მხრიდან ასეთი აჟიოტაჟის ატეხვას გამართლებულად არ ვთვლი" - ამბობს ხათუნა ხათაშვილი.
საპროტესტო განცხადების ინიციატორს არ ასახელებს არც მუნიციპალიტეტის გამგებელი, არც საკრებულოს წევრი ხათუნა ხათაშვილი და არც ახლადდანიშნული რამაზ ყაყიტაშვილი.
,,მე არ ვიცი, ვინ და რა დგას ამის უკან. მე უკვე ვაგრძელებ ჩემი მოვალეობის შესრულებას" - ამბობს რამაზ ყაყიტაშვილი. როგორც აღვნიშნეთ, ის სოფელ კარალეთს 2012 წლის ნოემრიდან ხელმძღვანელობს.
სტატიის გამოყენების პირობები