ახალი ამბები
ამერიკის ელჩი გორის ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის წევრებს შეხვდა
,,გორის ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის” წევრები, დღეს, ამერიკის ელჩს იან კელის შეხვდნენ.

შეხვედრა გორის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა.

სტუდენტებისა და მოსწავლეები ელჩს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთოების პერსპექტივებზე, ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითებზე ესაუბრნენ. გაიხსენეს 2008 წლის აგვისტოს ომი და ყურადღება საერთაშორის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. იან კელმა მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი 2017 წლის გაზაფხულზე შეიქმნა.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოტივირებული ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას დიპლომატიის კუთხით, გაზარდოს მათი ინტერესი და უზრუნველყოს პიროვნული და პროფესიული განვითარება.

დიპლომატთა კლუბისთვის კონკურსის წესით 16-დან 22 წლამდე ასაკის 20 ახალგაზრდა შეირჩა. კლუბის წევრებს 10 თვის განმავლობაში უტარდებათ ტრენინგები სხვადასხვა თემაზე, იმართება დისკუსიები, ეწყობა ფილმის ჩვენებები და მნიშვნელოვან მოვლენათა განხილვები.

,,ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ და ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არსებულ ახალგაზრდულ შესაძლებლობებსა და ღონისძიებებში (ტრენინგები, კონკურსები, სტიპენდიები, უფასო რეზიდენტული თუ ონლაინ კურსები და ა.შ.) კლუბის წევრები პერიოდულად დაესწრებიან შეხვედრებს, სადაც მოწვეული იქნებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები." - აღნიშნავენ კლუბის ორგანიზატორები.

გარდა ამისა, დიპლომატები მათ უზიარებენ გამოცდილებას, აცნობენ საკუთარი ქვეყნის კულტურას, პასუხობენ ახალგაზრდების კითხვებს დიპლომატიის საკითხებზე. პროექტს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით, ასოციაცია „ნაკვალევი“ და გორის სასწავლო უნივერსიტეტი ახორციელებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები