ახალი ამბები
ერგნეთში 2008 წლის აგვისტოს მუზეუმი გაიხსნა
8 აგვისტოს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ერგნეთში ,,2008 წლის აგვისტოს მუზეუმი" გაიხსნა.

მუზეუმის შექმნის იდეა გორის საკრებულოს წევრს ლია ჩლაჩიძეს ეკუთვნის, რომელმაც მუზეუმს ომისგან გადარჩენილი საკუთარი სარდაფი დაუთმო.

,,საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ამსახველი მუზეუმი არ გვაქვს. ამიტომ ეს მუზეუმი მთელმა საქართველომ ერთად უნდა გავაკეთოთ და მომავალ თაობებს და მსოფლიოს ვაჩვენოთ რა საშინელება გადავიტანეთ და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ქართველებსა და ოსებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრება, “ - აცხადებს ლია ჩლაჩიძე და ამბობს, რომ ყველას შეუძლია ომთან დაკავშირებული ნივთებით, ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალით მუზეუმის შექმნაში მონაწილეობა მიიღოს.

შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სახელმწიფო მინისტრი, შერიგებისა და სამოქალაო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილიც იმყოფებოდა.

,,ამ ომს გამარჯვებული არ ყავს ჩვენი საზოგადოებების სახით. ეს არის ჩვენი საერთო ტრაგედია და საერთო ტკივილი. 9 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდგომ და ეს საკმარისი პერიოდია იმისათვის, რომ დავინახოთ და შევაფასოთ ომის მძიმე შედეგები; გავაცნობიეროთ, რომ შექმნილი ვითარება, განგრძობადი ოკუპაცია და გადაუჭრელი კონფლიქტი არ შედის არც ქართული, არც აფხაზური და არც ოსური საზოგადოებების ინტერესში. ჩვენ ყველა ვზარალდებით." - განაცხადა ციხელაშვილმა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები