ახალი ამბები
,,საზოგადოება ქალთა მიმართ ზედმეტად კრიტიკულია" - დისკუსია გორში
ქალების ჩართულობის სტატისტიკა პოლიტიკურ პარტიების საარჩევნო სიებში და მაჟორიტარ კანდიდატებად, მიზეზები და ბარიერები, რაც ხელს უშლით ქალებს პოლიტიკაში მოსასვლელად, ამ პრობლემის დაძლევის გზები - ამ საკითხებს განიხილავდნენ გორის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით მოწყობილ საჯარო დისკუსიაზე, რომელიც გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. დისკუსიას პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორი, მედიის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფსიქოლოგი, ნინო ბალოიანი მიიჩნევს რომ საზოგადოება ქალთა მიმართ ზედმეტად მომთხოვნი და კრიტიკულია, რაც ბარიერს უქმნით ქალებს:

,,გავიზარდეთ კომუნისტურ ეპოქაში და გვინდა თუ არ გვინდა მენტალობაში გვიზის რომ კაცს არ ვაკრიტიკებთ, ქალებს კი პირიქით“, განაცხადა მან.

,,პოლიტიკაში ქალების ნაკლებობის ერთ-ერთი მიზეზი არის საზოგადოების მხრიდან ნაკლები ნდობა ქალთა მიმართ, მათი შესაძლებლობების მიმართ და ბარიერები ქალებისთვის, შიდაპარტიული ბარიერები იქნება ეს თუ არჩევნებზე საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის ბარიერები. თემები - გენდერული თანასწორობა და ქალების პოლიტიკაში მოსვლა პოპულარული უნდა გახდეს და ჩვენ საფიქრალი გვაქვს იმაზე, თუ როგორ მივიტანოთ ეს თემები საზოგადოებამდე სწორად, ნაბიჯ-ნაბიჯ და ისე, რომ საზოგადოების დამოკიდებულება შევცვალოთ და ქალთა შესაძლებლობების მიმართ ნდობა გავზარდოთ,” მიიჩნევს ახალგაზდრული მოძრაობა ,,დროას“ წარმომადგენელი კატო ქოთოლაშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის სტატეგიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის მარტა ბიბილაშვილის აზრით გამოსავალი ცნობიერების შეცვლაშია, რაზეც არასამთავრობო სექტორთან ერთად უნდა ზრუნავდეს ხელისუფლება და მედია.

,,ზრდასრული ადამიანის ცნობიერების შეცვლა ძალიან ძნელია. ამიტომ სასკოლო ასაკიდან უნდა დავიწყოთ ამაზე ზრუნვა სამოქალაქო განათლებით. ეს მხოლოდ არასამთავრობო სექტორის გასაკეთებელი საქმე არაა, ამაზე ერთად უნდა ვიზრუნოთ ხელისუფლებამმაც და მედიამაც,“ განაცხადა მან.

,,დღეს საქართველოში არათანასწორი გარემოა ქალებისთვის. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია რომ პოლიტიკაში კაცების რაოდენობას მათი ჯიბე განსაზღვრავს. კარგი იქნება თვითონ პარტიები თუ იქნებიან დაინტერესებულნი, რომ ეძებონ კარგი ქალები, მოამზადონ და ჩართონ პოლიტიკაში, - აღნიშნა გორის დემოკრატიის სკოლის დირექტორმა ზაზა ჭიპაშვილი.

დისკუსიის მონაწილეებთან ერთად უახლოეს ხანში დაიგეგმა შეხვედრები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, სადაც საუბარი იქნება პოლიტიკაში ქალთა რაოდენობის გაზრდის საჭიროებაზე და მნიშვნელობაზე.
დისკუსიები იმართება პროექტის ,,თანასწორობა იგებს“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ გორის გენდერის მედიაცენტრთან ერთად აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით.





Print

სტატიის გამოყენების პირობები