ახალი ამბები
ერედვისა და ქურთას მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა შინდისის გმირებს პატივი მიაგეს
სოფელ შინდისში ერედვისა და ქურთას მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ჩავიდნენ და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ქურთას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ კახნიაშვილის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ყველა დაღუპულთა სულები აგვისტოს დღეებში განსაკუთრებული პატივის მიგებას იმსახურებენ, ისე როგორც წელიწადის ნებისმიერ დღეს.

,,დიდი და პატარა ლიახვის ხეობის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, სოფელ შინდისში სპეციალურად ჩავდივართ და გმირულად დაღუპულ ჯარისკაცებს ადგილზე ვიხსენებთ. ჩვენთვის ეს უკვე ტრადიციაა" - ამბობს ნუგზარ კახნიაშვილი. 

2008 წლის 11 აგვისტოს სენაკის მე-2 ბრიგადის მებრძოლებმა რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულთან უთანასწორო ბრძოლა გამართეს.

შინდისელების გადმოცემით, შეტაკებამდე 2 საათით ადრე, რუსული ტანკები სოფელში ქართული დროშებით გამოჩენილან და რკინიგზის სადგურთან ჩასაფრებულან.

,,სავარაუდოდ, იცოდნენ, რომ იმ გზაზე ქართველებს უნდა გაევლოთ - სენაკის ბატალიონის მიახლოებისთანავე აუფეთქებიათ პირველი და ბოლო მანქანები და ამით გასასვლელები ჩაუკეტავთ. 20-მა მებრძოლმა ასეულს წინააღმდეგობა გაუწია. შინდისთან ბრძოლას 20 ჯარისკაციდან მხოლოდ სამი გადარჩა, ისიც შინდისელების წყალობით. სოფლელებს ბრძოლის ველიდან დაჭრილი ჯარისკაცები ღამით გაიყვანეს. ერთ-ერთს, ოთარ კალმახელიძეს, შინდისელი ბადრი ხუციშვილი, მეტსახელად ახმეტა, რამდენიმე დღე თავის სახლში მალავდა, შემდეგ კი მედპერსონალს ჩააბარა." - იხსენებენ ლიახვის ხეობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები