ახალი ამბები
ელექტროფიკაციის დასახლებაში ბუნებრივი აირის მილები შეიყვანეს
ელექტროფიკაციის დასახლება გაზიფიცირებულია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, დასახლებამდე მაგისტრალი მიყვანილია. ამჯერად, შესაბამის უწყებებთან ოჯახებმა ინდივიდუალური ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ.

დასახლების გაზიფიცირება 2016 წლის ბოლოს დაიგეგმა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი დაიხარაჯა.

,,ქალაქ გორში, ელექტროფიკაციის დასახლებაში, გაზიფიცირების სამუშაოები საქართველოს მთავრობასა და კომპანია ,,სოკარს“ შორის არსებული ხელშეკრულებისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით განხორციელდა.“-აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.

ელექტროფიკაციის გაზიფიცირების შესახებ პირობა ქალაქის ამჟამინდელმა მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა 2014 წლის ზაფხულში მისცა ადგილობრივებს. 2015 წლის ერთ-ერთ საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს წევრმა დავით წეწვაძემ ჯირკველიშვილს პირობა შეახსენა. წეწვაძე იმ პერიოდში ,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი იყო.

,,მაშინ ისიც არ ვიცოდი, გავხდებოდი თუ არა მერი, პროექტის შედგენისას საჭირო თანხა იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ, 40 000 ლარის ნაცვლად დაპირების შესასრულებლად 160 000 ლარი გახდა საჭირო. ამ ყველაფრის შემდეგ, მოსახლეობას მე მოვუბოდიშე და ვუთხარი, რომ ერთი დასახლეობისთვის თანაფინანსირების თანხებიდან 80%-ს ვერ დავხარჯავდი...” - აცხადებდა 2015 წელს ზურაბ ჯირკველიშვილი.

2016 წლის 21 ივლისს გორის მერმა მინისტრ კახა კალაძეს ელექტროფიკაციის დასახლების გაზიფიცირების შესახებ, წერილი გაუგზავნა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები