ახალი ამბები
ოთხი მოქალაქე სადაზღვევო თანხის მისაღებად მანქანებს ერთმანეთს განზრახ აჯახებდა
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები 2015 წლის 5 დეკემბრიდან 2016 წლის 17 ნოემბრამდე პერიოდში, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საკუთარ სახელზე გაფორმებულ, სხვადასხვა მარკის ავტომანქანებს სადაზღვევო კომპანიებში აზღვევდნენ.

შემდეგ, პოლიციის ვერსიით, ამავე დაზღვეული ავტომანქანების გამოყენებით, ინსცენირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს - განზრახ შეჯახებებს ახდენდნენ. ბრალდებულები მომხდარი ავტოავარიების შესახებ სადაზღვევო კომპანიებს ატყობინებდნენ და ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ.

სადაზღვევო კომპანიები კი ზარალის ასანაზღაურებელ თანხას დამზღვევი პირების ანგარიშზე რიცხავდნენ. დანაშაულებრივმა ჯგუფმა, ჩადენილი თაღლითური ქმედებების შედეგად, სადაზღვევო კომპანიებს, დაახლოებით, 33, 000 ლარის ოდენობის ფინანსური ზარალი მიაყენა.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითური დაჯგუფების წევრები - 1978 წელს დაბადებული შ.თ., 1989 წელს დაბადებული ი.წ. და 1984 წელს დაბადებული გ.ს. ამხილეს, ხოლო 1980 წელს დაბადებული ი.ტ. დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს ი.ტ.-ს მიმართ საქართველოს სსკ-ს 19-180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით, ი.წ.-ს მიმართ - საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, შ.თ.-ს მიმართ - საქართველოს სსკ-ს 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო გ.ს.-ს მიმართ - საქართველოს სსკ-ს 19-180-მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.


გამოყენებულია თემატური ფოტო
Print

სტატიის გამოყენების პირობები