ახალი ამბები
გორში ასფალტის დაგებისას მიწის ქვეშ ,,დამპალი" მილები დახვდათ
სადგურის დასახლებაში, უფლისციხის ქუჩაზე, ასფალტის დაგება ერთი თვის წინ შეაჩერეს. კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ის თანამშრომლებს საკანალიზაციო და ბუნებრივი აირის მილები ამორტიზებულ მდგომარეობაში (როგორც თავად თქვეს - ,,დამპალი") დახვდათ.

,,ველოდებით წყალსადენისა და გაზების ხალხს" - ამბობენ მუშები. ისინი შრომისა და ქარხნის ქუჩებზე არიან გადანაწილებული და ერთი თვეა უფლისციხის ქუჩას არ გაკარებიან. ,,ველოდებით, რომ გამოცვალონ მილები. ისინი თუ არ გამოიცვალა, ზედ ახალ ასფალტს რანაირად გადავაკრავთ. ლატოკები კი, ჩავაწყეთ, მაგრამ მაგის მეტს ვერაფერს გავაკეთებთ" - აცხადებენ საგზაო სამშენებლო სამმართველო #1-ის წარმომადგენლები.

პროექტზე 710 000 ლარი იხარჯება და მოიცავს უფლისციხის, შრომის, ქარხნის, სამადაშვილის, კავსაძის და გაბაშვილის ქუჩის ნაწილებს. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 24 მაისს დაიწყო და 2018 წლის 30 იანვარს უნდა დასრულდეს.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, აღნიშნულ ქუჩებზე 2015 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით დაიწყეს მუშაობა. პროექტში არ წერია, რომ სამუშაოების წარმოებისას გამოსაცვლელი იყო მიწისქვედა საკომუნიკაციო სისტემები.

,,პროექტით გათვალისწინებულია მიწაში აზელილი ქვიშახრეშოვანი გრუნტის და ასფალტო ბეტონის ნარჩენების მოჭრა 10_35 სმ, შემდგომი დატვირთვით ავტოთვითმცლელებზე და გადაადგილება 5 კმ მანძილზე ნაყარში. ქვიშახრეშოვანი ფენის მოწყობა სისქით 15 სმ, ღორღის საფუძვლის მოწყობა სისქით 10 სმ, ბიტუმის მოსხმით 0.0006 ტ/მ2, მსხვილმარცვლოვანი ასფალტობეტონის ფენის მოწყობა სისქით 4 სმ, თხევადი ბიტუმის მოსხმა 0.00035ტ/მ2 და საფარის მოწყობა წვრილმარცვლოვანი, მკვრივი, ღორღოვანი ასფალტობეტონის ცხელი ნარევისაგნ ტიპი `ბ", მარკა II სისქით 3სმ. თროტუარის დასაწყისში და დამთავრებაზე მოეწყოს პანდუსი." - ეს არის ის ამონარიდი იმ ტექსტიდან, რომელიც პროექტში უფლისციხის ქუჩის შესახებ წერია.

,,პროექტით არ იყო გათვალისწინებული კანალიზაციისა და ბუნებრივი აირის მილების გამოცვლა?" - ვკითხეთ ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ის წარმომადგენლებს, რაზეც პასუხის გაცემისგან თავი შეიკავეს.

გადათხრილ ქუჩაზე მოსახლეობა სამუშაოს გაგრძელებას ელოდება. ალაგ-ალაგ კანალიზაციის მასა უკვე ღია ადგილებზე გროვდება.



















Print

სტატიის გამოყენების პირობები