ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან ჩეხი ტურისტი დააკავეს - დე-ფაქტო რესპუბლიკიდან 6 თვეში 49 მოქალაქე გააძევეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურისა და რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან ჩეხი ტურისტი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებს.  დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, მათი რესპუბლიკის საზღვრისა და სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევის 181 ფაქტი გამოვლინდა.

,,აქედან 109 შემთხვევა წარმოადგენს უშუალოდ საზღვრის უკანონო გადაკვეთას, ხოლო 72 შემთხვევა სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევას" - აღნიშნულია განცხადებაში.

დაჯარიმებულ პირთა მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ  248 000 რუბლი შეადგინა.

,,უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებების ძირითადი ნაწილი საყოფაცხოვრებო ხასიათისაა, გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც ჩეხი ტურისტი დააკავეს. ყველა მათგანის მიმართ შესაბამისი ღონისძიებები გატარდა. 49 მოქალაქე საერთოდ გაძევებულ იქნა რესპუბლიკიდან, ხოლო 6 მოქალაქეს გაფრთხილება მიეცა " - აღნიშნულია დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის მიერ წარდგენილ ანგარიშში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ქვეყნის უსაფრთხოებას უმნის საფრთხეს, კერძოდ:

,,რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მცდელობა, იქ არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარება (გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანების გატაცებები, ყაჩაღობები, მკვლელობები, მოსახლეობაზე თავდასხმა), ქართული მოსახლეობის დისკრიმინაცია, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება (ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით), ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი (მავთულხლართების, ღობეების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვა და ტრანშეების გათხრა), თავისუფალი გადაადგილებისა და განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ინტენსიური სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის რუსული სამხედრო თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მიერ დარღვევის ფაქტები და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევა საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას." - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები