ახალი ამბები
მარანაში უწყლოობისაგან გამხმარი ნერგები დაამტვრიეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის კერძო ნაკვეთებამდე სარწყავი წყალი არ მიდის.

ამის მიზეზი ხეხილის ბაღების მფლობელი, მსხვილი ფერმერების თვითნებობა სახელდება. ხელთუბნისა და კვარხეთის გარდა, რომლის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, ამჯერად, აღნიშნული პრობლემა სოფელ მარანაში გამოიკვეთა.

მაყვალა და გიორგი ხატისკაცების ნაკვეთში ბლის ნერგები უკვე გახმა. ხელით წყლის მიტანამ და ვედროებით დასხმამ ახალგაზრდა ხეები ვერ გაახარა. ივლისის შუა რიცხვებიდან დაფიქსირებულმა მაღალმა ტემპერატურამ ნერგების დიდი ნაწილი გაახმო. ნერგების გარდა, უწყლობამ დიდი ხეების ნაყოფსაც შეუქმნა პრობლემა.

,,თითო ბლის ნერგში 7 ლარი გადავიხადეთ. დაახლოებით, 200 ცალი დავრგეთ, მაგრამ არ იხარა. წყალი არ მოდის ჩვენამდე." - ამბობს მაყვალა ხატისკაცი, რომელიც იმ დროს ვნახეთ, ნაკვეთიდან ატირებული რომ მოდიოდა. გვითხრა, ფაქტს უშუალოდ ადგილზე უნდა ნახვა. მისმა მეუღლემ ურიკით რამდენჯერმე მიიტანა ნაკვეთამდე წყალი, თუმცა, უშედეგოდ.

ადგილობრივი მკვიდრი ვასილ ლოთიშვილი ამბობს, რომ მდინარე ლიახვიდან გამავალი არხი კერძო პირმა ,,შეისყიდა", რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო სარგებლობის არხებს მხოლოდ კერძო პირები, ფერმერები, სახელმწიფო გრანტით გაშენებულ ხეხილის ბაღების მოსარწყავად იყენებენ. კონკრეტული პირების დასახელებისგან სოფლებში ამ ეტაპზე თავს იკავებენ. იმედი აქვთ, რომ სეზონის ბოლომდე სახელმწიფო ამ პრობლემას ყურადღებას მიაქცევს და სათანადო რეაგირებას გამოიჩენს.

სოფელი მარანა ტყვიავის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. აღნიშნული პრობლემა ყოფილ რწმუნებულს, თამაზ დალაქიშვილს კარგად ესმის. მისი აზრით, გამოსავალი ამ შემთხვევაში ფერმერების ხელშია: ,,ზოგადად, რომ წყლის პრობლემა ქვეყანაში ისე აღარ დგას, როგორც ადრე იყო. უბრალოდ, რესურსებს თანაბრად განაწილება უნდა. მე მაგალითად ვიფიქრებდი იმაზე, რომ თითოეულმა ფერმერმა საკუთარ ფართობზე საკუთარი ჭაბურღილი გააკეთოს. ამაზე უნდა იფიქრონდ" - აცხადებს თამაზ დალაქიშვილი.

,,ჩვენი სამოქმედო არეალი მოიცავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას. ვინაიდან უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა, კომპანია მელიორირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. 2012 წლიდან დღემდე განხორციელებული სარეაბილიტაციო პროექტების შედეგად, წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი ორჯერ გაიზარდა და 111 800 ჰექტარს შეადგენს, ხოლო დაშრობა 34 400 ჰექტარზე ხორციელდება. განვითარების სტრატეგიული ხედვით წყალუზრუნველყოფილი ფართობი შეადგენს 278 000 ჰექტარს, ხოლო დამშრობი სისტემები 105 000 ჰექტარს მოემსახურება." - აღნიშნულია შპს ,,საქართველოს მელიორაციის" განცხადებაში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები