ახალი ამბები
მკვლელობაში ბრალდებულს გორის სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თ.ჩ. დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში მდებარე ა.ა.- ს საცხოვრებელ სახლში, თ.ჩ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ბლაგვი საგნის გამოყენებით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა ა.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თ. ჩ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2016 წლის 19 დეკემბერს ქ. ფოთში დააკავეს. დაკავებულს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა).

გორის რაიონულმა სასამართლომ თ.ჩ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები