ახალი ამბები
კლუბ ,,გორის" საფეხბურთო მოედანზე 400-მდე ბავშვს სავარჯიშოდ ელოდებიან
2017 წლის სექტემბრიდან კლუბ ,,გორის" საფეხბურთო მოედნებზე სავარჯიშოდ 400-მდე ბავშვს ელოდებიან.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, სეზონის დაწყებამდე ახალგაზრდა მოვარჯიშეებს სათამაშო მინდორს გამზადებულს დაახვედრებენ. გარდა მოედნებისა, საფეხბურთო სკოლის შენობაც გარემონტრდება.

,,ა(ა)იპ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფეხბურთის კლუბ “გორის” ბალანსზე არსებული სამი სპორტული მოედნისა და ღვაწლმოსილი მწვრთნელის გურამ გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლის შენობის რეაბილიტაცია მალე დასრულდება. მიმდინარე სამუშაოები გორის ვიცე მერმა დაათვალიერა." - განაცხადა პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

თამაზ შიოშვილის თქმით, აღნიშნულ საფეხბურთო მოედნებსა და სკოლის შენობას ათეული წლებია სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.

,,სკოლა ახალ სეზონს მნიშვნელოვნად გამართული ინფრასტრუქტურით ხვდება, რაც ვარჯიშის მსურველი ბავშვების რიცხვს საგრძნობლად გაზრდის. სკოლის ადმინისტრაცია სექტემბრიდან 400-ზე მეტი ბავშვს ელოდება. მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობაა. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე.“- აღნიშნა თამაზ შიოშვილმა.

რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა ადგილობრივ ბიუჯეტიდან აღნიშნული ა(ა)იპისთვის გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში გამოიყო. ორგანიზაციის დირექტორის გია ისიანის განმარტებით, სამუშაოების ღირებულებამ 52 000 ლარი შეადგინა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები