ახალი ამბები
მოძრაობა ,,ძალა ერთობაშია"-ს წევრებს ავტობანზე სიგნალებით ეგებებიან
27-ე დღეა სამოქალაქო პატრულირების წევრები გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიას აკვირდებიან, ხოლო ცენტრალურ მაგისტრალზე გამვლელებს რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას ახსენებენ.

ამის შესახებ მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" წევრებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დღეს ესაუბრნენ.

მათი თქმით, ხშირად გამვლელები მანქანებს აჩერებენ და კამპანიას ცოტა ხნით უერთდებიან.  აფხაზეთიდან დევნილი ქალის მაგალითი მოჰყავთ, რომელიც შეჩერების შემდეგ, სხვა დღეს კიდევ ჩასულა თბილისიდან.

მოძრაობის დამფუძნებელი დავით ქაცარავა ამბობს, რომ ადგილი სპეციალურად შეარჩიეს, რადგან საქართველოს მთავარ მაგისტრალთან გამყოფი ხაზი და მწვანე ბანერი ყველაზე ახლოს, 400 მ მანძილზე მდებარეობს.

მიხეილ ვაშაკიძის თქმით, თითქმის ერთთიანი აქციის შედეგად, მოსახლეობის 70% მიხვდა, რომ სახიფათო საოკუპაციო პოლიტიკა რეალურად მათთან ძალიან ახლოს ხორციელდება:

,,წარმოიდგინეთ, ერთ დღეს ეს გზა დაიკავონ რუსებმა. ორ დღეში საქართველო შიმშილით დაიცოხება. ისინი ნელ-ნელა მოდიან აქეთ" - აცხადებს მიხეილ ვაშაკიძე. აქციის წევრები აცხადებენ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში რუსეთის სამხედრო ძალების მოქმედებას აკვირდებიან და უწყვეტ რეჟიმში ინფორმაციას მოსახლეობას აწვდიან.

ანა ჭარხალაშვილი კამპანიის აქტიური წევრია. ის თითქმის ყოველდღე ჩადის ყარაფილა-ჩობალაურის გადასახვევთან. კამპანიამ მოსახლეობის ინფორმირების გაზრდის კუთხით, გარკვეულ შედეგებს მიაღწია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები