ახალი ამბები
გორში კატას ტირის თოფი ესროლეს და აწამეს
თათია ხუბულური 10 დღე ქობულეთში ისვენებდა. სახლში დაბრუნებისას კატა ადგილზე არ დახვდა.

ორი დღის შემდეგ, ნაწამები ცხოველი დაბრუნდა, რომელსაც სხეულზე ჭრილობები აღენიშნებოდა.

,,სახლში რომ დავბრუნდი, ორი დღის შემდეგ მოვიდა. გასაცოდავებული, გამხდარი, ძლივს დადიოდა. თან უკვე ღამე იყო და არ ვიცოდი, რა მექნა, დავურეკე მაშინვე ირმას და ბედად მისი კლინიკაც ღამეც მუშაობს" - ამბობს თათია ხუბულური.

კლინიკა ,,მარკოში" მიყვანისას აღმოაჩინეს, რომ ტირის თოფის ტყვია ძვლამდე იყო დასული, კუდზე კი, ქვები ჰქონდა მიბმული.

,,ზოგადად, კატების წამები ძალიან ხშირია, განსაკუთრებით ზაფხულში. ბავშვებისთვის ტირის თოფი ჩვეულებრივი იარაღია. საჭიროა, მეტი ყურადღება მშობლების მხრიდან. საჭიროა, ასევე, კანონის გამკაცრება, ეს არის წამება, არააადამიანური. ტირის თოფით რამდენიმე დღის წინ, ძაღლი შემოვყვანეთ დაჭრილი, ხერხემალზე ჰქონდა ნასროლი. თან ყველა შემთხვევა, ახლოდან დამიზნებით ნასროლი იყო" - აცხადებს ირმა მთიულიშვილი.

კატას ოპერაცია ვეტერინარმა ვახტანგ ხუბულურმა გაუკეთა. მისი თქმით, გარდა დაზიანებებისა, ცხოველი სტრესულ მდგომარეობაში იყო. ,,დაგვჭირდა ტყვიის მოძებნა, ქირურგიული ჩარევა და კუდის ამპუტაცია" - გვითხრა ვახტანგ ხუბულურმა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები