ახალი ამბები
ზნაურის (ყორნისის) რაიონში გაჩენილი ცეცხლი დვანის სიახლოვეს შეამჩნიეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით ხანძარი არ გავრცელებულა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა ელგუხა ხაბელაშვილმა აცნობა.

მისი თქმით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციით, ცეცხლმა საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ სოფლებს ჩაუარა.

გუშინ, შუადღეს, ზნაურის (ყორნისის) რაიონში ცეცხლი სამი სოფლის (ველეთი, მეტეხი და პრინევი) მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა. 

,,ხანძარი დვანთან შეუმჩნევიათ, ჩვენი წარმომადგენელი ადგილზე იმყოფებოდა და შესაბამისი სამსახურები მზად იყვნენ რეაგირებისთვის. ცეცხლი ზნაურის მიმართულებით მიდიოდა და დვანის მინდვრებისკენ არ წამოსულა" - აცხადებს ელგუჯა ხაბელაშვილი.

ცხინვალის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, დაიწვა 20 ჰა მიწის ფართობი, მათ შორის, კერძო ნაკვეთები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები