ახალი ამბები
გორში ბოლო ერთ თვეში 400 მძღოლი პარკირების გამო დააჯარიმეს
15 ივლისიდან 20 აგვისტომდე ქალაქ გორში პარკირებისთვის გამოყოფილი ადგილების უნებართვო დაკავებისთვის 400 მძღოლი დააჯარიმეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შპს ,,გორის სერვის ჯგუფის" წარმომადგენელმა განუცხადა.

ზურაბ როსტომაშვილის თქმით, 30-მა მძღოლმა ჯარიმა უკვე გადაიხადა. ხოლო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები არავის გაუსაჩივრებია.

,,დაჯარიმებულები ის კატეგორიაა, რომელსაც პარკირებისთვის საჭირო თანხა გადახდილი არ ჰქონდა. ოქმში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილს ვუთითებთ, სადაც უამრავი გარემოებაა ჩამოთვლილი. ჩვენ ძირითადად თახის გადაუხდელობის გამო ვაჯარიმებთ. არასწორ პარკირებაზე ძირითადად პატრული მუშაობს" - აღნიშნავს ,,სერვისჯგუფის" წარმომადგენელი.

,,გორის სერვისჯგუფმა" 2017 წლის პირველი ივლისიდან ელექტრონული გადახდის ფორმები შემოიღო.  მძღოლების დაჯარიმება 15 ივლისიდან დაიწყო.

ზურაბ როსტომაშვილის განცხადებით, დაჯარიმების მიუხედავად, აბონენტების შეძენა მძღოლებმა დაიწყეს.

,,ამ მხრივ უკვე 41 ათას ლარამდეა შემოსული. ზოგი ერთთვიანს, ზოგი კი, წლიან აბონენტს იღებს" - აცხადებს როსტომაშვილი.

იხილეთ: პარკირების ადგილები გორში და აბონემენტის ფასები
Print

სტატიის გამოყენების პირობები