ახალი ამბები
შიდა ქართლში 14 სკოლა ავარიულ მდგომარეობაშია
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი ფუნქციონირებს ავარიულ და მოსწავლეთათვის საფრთხის შემცველ პირობებში.

აღნიშნული მდგომარეობა განსაკუთრებით პრობლემურია მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლად მდებარე საჯარო სკოლებში.

ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, 189 საჯარო სკოლა ავარიულ მდგომარეობაში ფუნქციონირებს; ამათგან, 14 სკოლა შიდა ქართლში მდებარეობს.

2016 წელს ავარიულ მდგომარეობაში ფუნქციონირებდა 209 საჯარო სკოლა, მათგან 42 არ ექვემდებარებოდა აღდგენა–გამაგრებით სამუშაოებს. ამასთან, სააგენტოსგან სახალხო დამცველის აპაატს აცნობეს, რომ თითქმის ყველა საჯარო სკოლა საჭიროებს ცალკეული სარემონტო – სარეაბილიტაციო სამუშაოს.

ავარიულ სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის, ავარიული ფლიგელების შემთხვევაში ხდება მათი გადაკეტვა და სასწავლო პროცესი ხორციელდება შენობის უსაფრთხო ნაწილში. თუმცა, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილ საქმეებში გამოიკვეთა, რომ მსგავსი ღონისძიებები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვას.

,,მაგალითად, სსიპ ხაშურის N4 საჯარო სკოლა წლების განმავლობაში ფუნქციონირებს ავარიულ მდგომარეობაში. დაწესებულებაში ერთ–ერთი სასკოლო ღონისძიების დროს ჩამოინგრა შენობის ჭერი, რის შედეგადაც დაზიანდნენ ღონისძიების მონაწილე მოსწავლეები. სამწუხაროდ, მიუხედავად საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის არაერთი მოთხოვნისა, აღნიშნული სკოლის სრული რეაბილიტაცია დღემდე არ განხორციელებულა."  აღნიშნულია სასახალხო დამცველის აპარატის ანგარიშში.

სახალხო დამცველი განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს: აქტიურად განხორციელდეს ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს ავარიულ და საფრთხის შემცველ პირობებში ფუნქციონირებადი ზოგადსაგანამანთლებლო დაწესებულებებისთვის განახლებული სასწავლო კორპუსების მშენებლობის საკითხზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები