ახალი ამბები
სადგურის დასახლებაში ახალ ასფალტს ატენის გაზიფიცირებისთვის გაჭრიან
სადგურის დასახლებაში, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე, შესაძლოა, ასფალტი მთელ ქუჩაზე გაჭრან.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სამშენებლო კომპანიას, სოფელ ატენში გაზიფიცირების პროგრამის განხორციელების მიზნით, ქალაქის აღნიშნულ მონაკვეთზე ბუნებრივი აირის მილების მონტაჟი სჭირდება.

,,თავდაპირველად, რამდენიმე ადგილას ორმოები ამოთხარეს და შეეცადნენ ,,თხუნელას პრინციპით" გაზის მილების ერთმანეთთან დაკავშირებას, რაც არ გამოვიდა. დაზიანდა საკანალიზაციო მილები. საჭიროა ასფალტის გაჭრა. ახლა მიმდინარეობს გეგმის შემუშავება, თუ რომელ ქუჩაზე მოხდეს ეს. ჩემი აზრით, კეცხოველის ქუჩა გადარჩება" - აღნიშნა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

კეცხოველის ქუჩა მთავარი მაგისტრალია, რომლითაც გორი უკავშირდება მცხეთა-ზაჰესის დამაკავშირებელ მაგისტრალს და იქ ინტენსიური მოძრაობაა. მისი პარალელური ქუჩა კი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაა. აღნიშნულ ქუჩაზე ახალი ასფალტი რამდენიმე თვის წინ დაიგო.

ქვემოთ ფოტოზე: ,,თხუნელას პრინციპით" საცდელად გაჭრილი ასფალტი ეკატერინე გაბაშვილის ქუჩაზე, რომელიც ერთმანეთს კეცხოველისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩას აკავშირებს

Print

სტატიის გამოყენების პირობები